მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სსიპ-ები კურორტების სამართავად - რას გულისხმობდა გახარია "მენეჯმენტ-კომპანიებში"

5e302dea6313f
ინგა მურუსიძე
28.01.20 18:27
2384
„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა და პრობლემა ტურისტული ლოკაციების, ქალაქების მართვის თვალსაზრისით. აქ არის გარკვეული არევა. ადგილობრივი ხელისუფლება ასრულებს თავის ფუნქციას, ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს თავის ფუნქციას.. მთის განვითარების სააგენტო ასრულებს თავის ფუნქციას.. ტურიზმის სააგენტო ასრულებს თავის ფუნქციას... აქ ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა გუდაურისა და ბაკურიანის სამწუხარო მაგალითით. ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შესაქმნელად“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 იანვარს დავოსში გააკეთა, რითაც მთის კურორტებზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა შეაფასა.

პრემიერ-მინისტრის განცხადება უკვე სისრულეშია მოყვანილი, თუმცა ეს შექმნილი პრობლემის საპასუხოდ მთავრობის ტემპში რეაგირებით ვერ აიხსნება, რადგან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი რომ მზადდებოდა, რაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებს სსსიპ-ების შექმნის უფლებას მისცემდა, ამაზე bm.ge ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე წერდა. 

ამდენად,  როგორც ჩანს, "მენეჯმენტ-კომპანიებში" გიორგი გახარიამ სწორედ ამ ახალი სსიპ-ების შექმნა იგულისხმა. დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას. მინისტრის თქმითვე, მისმა უწყებამ შეიმუშავა ცვლილებების პაკეტი რიგ კანონპროექტებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. 

„კანონპროექტი ეხება იმ შესაძლებლობას, რომელიც ექნება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, სადაც საკურორტო ზონებია, მაგალითად - ბაკურიანი, გუდაური, ურეკი ან უშგული, ანუ ისეთი დასახლებები, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო. ბაკურიანს დღესდღეობით ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია, დამსვენებელთა გაზრდილი ნაკადის და სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით, დისტანციურად რთულია სერვისების განვითარებაზე ზრუნვა. კანონის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს თავისი მენეჯმენტით, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას, ასევე - ერთიან მართვას",  - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სამთავრობო ინიციატივის შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, bm.ge-მ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან შესაბამისი კანონპროექტები გამოითხოვა.როგორც ირკვევა, ძირითადი ცვლილებები შედის საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში", ასევე სსიპ-ების და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებში. 

რომელ მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ახალი სსიპ-ები?

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, მთავრობის დადგენილებით უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი იმ დასახლების/დასახლების ნაწილის/დასახლებათა ერთობლიობის განსაზღვრა, რომელშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტების უფლება - შექმნან სსიპ-ები იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება გადაიხედება. 

როგორც ირკვევა, მთავრობის დადგენილებით დასახლებების ერთობლიობის განსაზღვრის შემდეგ, შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს რჩებათ უფლება, დააფუძნონ თუ არა ახალი სსიპ-ები.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში, ამდენად, სამართავი არეალი დგინდება მართვის ეფექტიანობის გაზრდის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთ არეალებად, მაგალითად, შესაძლებელია, განისაზღვროს ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს, ურეკის, უშგულის, აბასთუმნის, თუშეთის ტერიტორია, გამომდინარე მათი სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძვლების არსებობიდან“, - წერია კანონპროექტში.

ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობა.

რა იქნება ახალი სსიპ-ების ფუნქცია?

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლადდარსებული სსიპ-ის უფლებამოსილება იქნება ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების შემოსავლების გაზრდის მყარი საფუძვლები. კერძოდ, საინვესტიციო აქტიურობის, ტურისტული ბიზნესის და თანმდევი სამეწარმეო საქმიანობათა განვითარების კვალობაზე გაიზრდება საგადასახადო ბაზა, გაუმჯობესდება მოსაკრებლების ადმინისტრირების სისტემა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები მუნიციპალიტეტის დასახლებების პრობლემების მოგვარების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული კი, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას.

„კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას. აღნიშნული ცვლილებები სახეზე იქნება კანონპროექტის ამოქმედების წელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება, მიღების შემთხვევაში”, - წერია კანონ-პროექტში.

რამდენი ადამიანი დასაქმდება ახალ სსიპ-ებში და რა დაუჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა?

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს მისი სამოქმედო არეალის მოცულობისა და მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი უფლებამოსილებების პროპორციულად.

„ამდენად, დაახლოებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა, შეადგენდეს, მაგალითად, 15 ადამიანს”, - წერია კანონპროექტში.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შევა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება შეადგენდეს 6000 ლარს. სხვა დასაქმებულ პირებთან მიმართებით კი, გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია. შესაბამისად, კანონ-პროექტის მიხედვით, წლის მანძილზე, სსიპ-ის სახელფასო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დაახლოებით, 600 000 ლარი იქნება. 

რაც შეეხება მოცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ სსიპ-ის არსიდან და დაფუძნების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იგი ანაზღაურებულ უნდა იქნას საკუთარი შემოსავლებიდან. ამდენად, ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის მაგალითის განზოგადების პირობებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული პირისათვის მიმდინარე ხარჯები, დაახლოებით, 2 000 000 – 2 500 000 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორების პროგნოზით, შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გაუჩნდება საკუთარი შემოსავლები მის მიერ გაწეული მომსახურებების საფუძველზე.

ვინ ნიშნავს და ვინ ათავისუფლებს ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელს?

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი“

რა სარგებელი ექნება მოსახლეობისთვის ახალ სსიპ-ებს - მთავრობის მოლოდინები

კანონპროექტში წერია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი ეკონომიკური სიკეთე, რომელიც გამოიხატება, მაგალითად, ტურიზმის განვითარების გზით, გავლენას იქონიებს შესაბამის არეალში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე, იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ოპერირებენ შესაბამის არეალში.

ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მართალია არ დგინდება გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა პროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დაადგინოს სხვა სახის გადასახდელი, კერძოდ, საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობა.
„საფასურის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული მომსახურების მოთხოვნის ოდენობისა და საჭიროებიდან გამომდინარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები