მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის 24 თეთრით გაძვირება მხოლოდ 1 თვით გადაიდო

602a52a77999b
ელენე გოგბერაშვილი
15.02.21 17:50
1066

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. საქმე იმაშია, რომ კომპანიის კომერციული აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირი 2021 წლის იანვრის ნაცვლად, თებერვლიდან გაძვირდა. შესაბამისად, ისინი ახალი ტარიფით დათვლილი ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრებს მარტში მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ, კანონის თანახმად, მომხმარებლები ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გააფრთხილა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტარიფი არსაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საცხობებისა, ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდებოდა და 1,10 ლარს მიაღწევდა.

მაშინ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის პროტესტი მოჰყვა. განცხადება შვიდმა ბიზნეს ასოციაციამაც გაავრცელა.

თავის მხრივ, ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად "თბილისი ენერჯი" ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

რაც შეეხება ტარიფის ზრდის დროებით, 1 თვით გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ კომპანიამ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო, რათა გაზრდილი ხარჯი ბიზნესს ტვირთად არ დააწვეს.

რამდენად არის კომპანიის ეს გადაწყვეტილება მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგი, "თბილისის ენერჯიში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლებმა დამოუკიდებლად მიიღეს. ამ საკითხის გარკვევას bm.ge ეკონომიკის სამინისტროშიც ცდილობს, რადგან როგორც გვახსოვს, კომპანიის მხრიდან ტარიფის ზრდის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ "თბილისი ენერჯის" კომერციულ აბონენტებს ტარიფი აღარ გაეზრდებოდა, რაც შემდგომ უარყვეს თავად კომპანიაში და თქვეს, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავდნენ.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო კი, ძალიან ბევრ კომპანიას დღემდე არ სჯერა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდა. მათთვის არც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ არის ცნობილი, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯის“ ჯერ არ გაუვრცელებია.

შესაბამისი ინფორმაცია არ მიუღიათ არც ბიზნეს ასოციაციების უმრავლესობას.

შეგახსენებთ, ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც ცნობილია, 4 თვის განმავლობაში მთავრობა ახდენს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის სუბსიდირებას.

სემეკის მიერ მოწოდებული ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით, სუბსიდიით სამივე სექტორში 5 725 956-მა აბონენტმა ისარგებლა და  119 935 573 ლარის სუბსიდირება განხორციელდა.

ცნობისთვის: კომუნალურების სუბსიდირების მექანიზმი მთავრობამ გასული წლის მარტ-აპრილ-მაისშიც აამოქმედა. მაშინ სუბსიდიით სამივე სექტორში 7.6 მილიონმა აბონენტმა ისარგებლა. სულ კი 167 694 134 ლარის ოდენობის სუბსიდირება განხორციელდა.