მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი: ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ გაკოტრებულ კლინიკას

5eed1aff06f12
თამთა ჯიჯავაძე
20.06.20 00:07
1108
ახლანდელი საკანონმდებლო ცვლილებები, არის საბჭოური „სემაშკოს“ მოდელის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანა,– ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტის შეფასებისაც განაცხადა. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება.

მისივე თქმით, 520-ე დადგენილების გამო ძალიან ბევრი მცირე ზომის კლინიკა უკვე დგას ფინანსური პრობლემების წინაშე და გადარჩენისთვის იბრძვის. ახალი კანონმდებლობა კი ახალ პრობლემებს გააჩენს და „ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ გაკოტრებულ კლინიკას, მცირე ზომის, განსაკუთრებით მონოპროფილური კლინიკებს“.

ჭიაბერაშვილის თქმით, გარდა ამისა, ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორში უმუშევრობის ზრდას.
„მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პრობლემები მძიმე დააწვება პაციენტებს, იმიტომ რომ, თუ სახელმწიფო დაფინანსება შეიზღუდება ნელ-ნელა ამ სფეროში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვაში ფასებს სახელმწიფო ვერ შეაკავებს, ამიტომ პაციენტებს თავისი ჯიბიდან მეტი და მეტის დამატება მოუწევთ ან/და საავადმყოფოებმა უნდა გააუარესონ მკურნალობის ხარისხი, უფრო ნაკლები მომსახურება გაწიონ იმისათვის, რომ ჩაეტიონ იმ ფასებში, რა ფასებსაც სახელმწიფო სთავაზობს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრობლემის ძირი და სათავე არის დაფინანსების იმ წესში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და ყოფილმა მინისტრმა სერგეენკომ 2013 წლიდან შემოიღო, „როდესაც დაფინანსების სისტემიდან ამოაგდეს სადაზღვევო კომპანიები და ფინანსური რისკი გადმოვიდა სახელმწიფოზე, ანუ ყოველწლიურად ირღვეოდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და სჭირდებოდა მუდმივად თანხების დამატება“.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტის ასეთ დეფიციტურ ხარჯვას ზოგადად ჩვენი საჯარო ფინანსები აუდიოდა, მაგრამ როგორც კი ბიუჯეტს დაუდგა პრობლემები, „მთავრობამ გადაწყვიტა მოეჭირა ხელი ჯანდაცვის დაფინანსებისთვის და 520-ე დადგენილება იყო ამის ლოგიკური შედეგი“.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს, 520–ე დადგენილებამ და ტარიფების უბრალოდ შემცირებამ კარდიოქირურგიაში და სხვა დარგებში შედეგი ვერ მოიტანა და ახლა გადაწყვიტეს, რომ პირდაპირ ადმინისტრაციულ სადამსჯელო მეთოდებზე გადავიდნენ:

„ანუ პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდეს კლინიკებში, გადაქექონ ბუღალტერია, მცირედი უმნიშვნელო შეცდომაც რომ იპოვონ, დააკისრონ უზარმაზარი ჯარიმები და საბოლოო ჯამში ამით შეძლონ ხარჯების შეზღუდვა ჯანდაცვაში“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რა მიზანი აქვს მედიკამენტების რეგისტრაციის ვადების გაზრდას? - ბიზნესს კითხვები აქვს