მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ რა დავაშავეთ ტურისტულმა კომპანიებმა? - „იბერია ტურს +“

5f50f5afc4a0a
ინგა მურუსიძე
03.09.20 19:00
932
გავიგეთ, რომ სასტუმროებს ეხმარებიან, მაგრამ ტურისტულმა კომპანიებმა რა დავაშავეთ? -ამის შესახებ BM.GE-ს „იბერია ტურს +“-ის დამფუძნებელმა, მაიკო მურაჩაშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, მთავრობა სასტუმროებს სესხის თანადაფინანსების სუბსიდირებას 6 თვიდან 1 წლამდე უხანგრძლივებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გააჟღერა.

„ახალი პაკეტი უფრო სასტუმროების დასახმარებლად არის და სასტუმროები ტურიზმის ერთ-ერთი რგოლია. იმის თქმა, რომ ამით ტურიზმს ეხმარებიან, რეალობასთან ახლოს არ არის. გავიგეთ, რომ სასტუმროებს ეხმარებიან, მაგრამ ტურისტულმა კომპანიებმა რა დავაშავეთ? ყველაზე შეგნებულად, ყველაზე მოთმინებით სწორედ ჩვენ, ტურისტულმა კომპანიებმა გადავატარეთ ყველაფერი, საკუთარი ნერვების, საკუთარი ფინანსების ხარჯზე მოვიტანეთ აქამდე საკუთარი თავი და ბიზნესი.

აბსოლუტურად შეგნებულად, მშვიდად მივყვებით სახელმწიფო სისტემას და მიმართულებას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ტურისტულმა კომპანიებმა, რომელზეც საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი მოდიოდა მშპ-ს თანხის, მივიღეთ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ტიპის დახმარება: ერთი ეს არის ნოემბრის ბოლომდე გადადებული საშემოსავლო გადასახადი. პანდემიის გამო ჩაკეტილები ვართ, ვერ შემოგვყავს ვერავინ, საკუთარი ჯიბიდან ვიხდით თანამშრომლების ხელფასებს და ამ ფონზე საშემოსავლოს კი არ გვიუქმებენ, არამედ გვივადებენ. დეკემბერში, როცა ისევ ჩაკეტილი ვიქნებით და ფრენები არ გვექნება, საინტერესოა, როგორ უნდა გადავიხადოთ ეს გადასახადები. დახმარება იქნებოდა, თუკი სექტემბერში გაიხსნებოდა ფრენები, ჩვენ შემოვიყვანდით ტურისტებს და დეკემბერში გადავიხდიდით გადასახადებს“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ტურისტულ კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი უნდა მოეხსნას იქამდე, ვიდრე არ აღდგება რეგულარული ფრენები და სანამ არ ექნებათ შესაძლებლობა, უცხოელი ვიზიტორები შემოიყვანონ.

„მეორე დახმარება, რაც მივიღეთ იყო სუბსიდირება უცხოური გამოფენების. ინიციატივა მე მეკუთვნოდა და ამაზე დაგვთანხმდნენ. ანუ 2021 წელს დაგვისუბსიდირებენ იმ გამოფენებში მონაწილეობას, რომელშიც 2020-ში უკვე ჩაწერილი ვიყავით, ან თანხა გვქონდა გადახდილი და მონაწილეობა ვერ მივიღეთ. მაგრამ 2021 წლამდე უნდა მივიდეთ. გამოდის, რომ სასტუმროებს სჭირდებათ დახმარება, სასტუმროებს სჭირდებათ კარანტინი, მაგრამ მეორე კუთხით, 700-მდე ტურისტულმა კომპანიამ რა უნდა ქნას? ძალიან ბევრი თანამშრომელი გვყავს“, - თქვა მურაჩაშვილმა.