მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადასტურდა, რომ მედიკამენტებზე 400%-იანი ფასნამატები არ არსებობს - PSP ლექვინაძის ანგარიშზე

618bd5ed42273
ინგა მურუსიძე
11.11.21 00:13
2245
მთავრობის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ასევე მთავრობის დაქვემდებარებაშია, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. შესწავლის პირველადი შედეგები სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გუშინ პრემიერს გააცნო, საღამოს კი სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა.

“ფასწარმოქმნის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების ფასნამატი მედიკამენტებზე, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენილია სავაჭრო დასახელებით (ბრენდირებული მედიკამენტები), მსგავსია გენერიკულ მედიკამენტებზე არსებული ფასნამატის (თანხობრივ ნაწილში). შედეგად, გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. ფასწარმოქმნის ამგვარი მოდელი, არაგონივრულს ხდის მაღალი თვითღირებულების და შესაბამისად მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არსებულ მოთხოვნას, მაშინ როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია გაცილებით დაბალი ფასის მქონე გენერიკი ან/და კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტი”, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.

BM.GE ესაუბრა PSP-ს სააფთიაქო ქსელის დირექტორ, მამუკა ბრეგაძეს, რომელიც კონკურენციის სააგენტოს დასკვნას დადებითად აფასებს:

„ვფიქრობთ, დასკვნით ნათლად ჩანს და ვფიქრობთ უკეთ გაცემულია პასუხი იმ მითზე, რომელიც არსებობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მუშაობენ ზემარჟებით და ზეფასნამატებით. აქ ნათლად ჩანს, რომ 2016 წლიდან დღემდე ფარმაცევტული ბაზრის იმპორტი მოდის კლებისკენ, თითქმის არ იცვლება ეს მაჩვენებელი დოლარში. კონკურენციის სააგენტოს ზრდა ნაჩვენები აქვს მხოლოდ ლარში და ლარში მოცულობების ზრდა მხოლოდ კურსის გამო ხდება", - თქვა ბრეგვაძემ.

აქვე bm.ge-მ მამუკა ბრეგვაძეს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეახსენა. ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში თქვა, რომ არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მიუღებელია.

"ანგარიში პასუხობს ყველა კითხვას, რომ არანაირი 400%-იანი ფასნამატები არ არის. არ მგონია, საქართველოში არსებობდეს რომელიმე კომპანია, რომელიც მსგავსი ფასნამატებით მუშაობს. 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ყველა ჩვენი ტრანზაქცია კონკურენციის სააგენტოსთვის გვაქვს გაზიარებული და სააგენტოს შეუძლია თქვას, რომ ფასწარმოქმნა 400%-იანი, ან 100%-იანი არ არსებობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი და კიდევ ბევრი სხვა კომპანია ფინანსურ მონაცემებს საჯაროდ ვაქვეყნებთ და იქაც ჩანს ფასწარმოქმნის და მოგების მარჟების საკითხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ცდება 4-5% წლიურ მაჩვენებელს“, - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

დოკუმენტი შეეხება ასევე თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც. კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, დაწესდეს შემზღუდავი ნორმები ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით. ბრეგვაძე ფიქრობს, რომ მედიკამენტების ფასწარმოქმნასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„თუ ფარმაცევტული კომპანია ფლობს სადაზღვევოს კომპანიას, ან სადაზღვევო ფლობს ფარმაცევტულ კომპანიას, ამას მედიკამენტის ფასზე გავლენა არ აქვს. ყველა ჯგუფი დამოუკიდებელია, ხოლო შინაარსობრივად განსხვავებული. ვფიქრობ, დასკვნა იმის შესახებ, რომ ჰოლდინგში შემავალ სხვადასხვა დარგებს ჰქონდეს გავლენა მედიკამენტის ფასზე, მთლად სწორი არ არის“, - აღნიშნა მამუკა ბრეგვაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, როგორ აიცილებს ფარმაცევტული კომპანია თავიდან მიდგომას, რომ მის ჰოლდინგში შემავალმა ექიმმა პაციენტებს მისივე კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტი არ დაუნიშნოს, PSP-ს წარმომადგენელი პასუხობს, რომ ეს ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული და მათ პაციენტების ინტერესების სასარგებლოდ უნდა იმოქმედონ.

„ექიმი თავისი პროფესიული საქმიანობის დროს უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად მუშაობს. გადაწყვეტილება პაციენტის ინტერესით უნდა მიიღოს და არა ანგარებით, კომპანიის სასარგებლოდ“, - ამბობს ბრეგვაძე.

ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი აქვე დასძენს, რომ თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკის გადახედვა არასწორი იქნება, რადგან ნებისმიერი რეგულაცია დარგის განვითარებას უშლის ხელს.

„ფასწარმოქმნის ნაწილში მსოფლიოში სხვადასხვა პრაქტიკაა, თუმცა დღეს არსებული თავისუფალი ბაზრის პრინციპი ყველაზე გამართლებულია. სადაც კონკურენცია მაღალია, ფასის ნაწილს ბაზარი თავად არეგულირებს“, - ამბობს ის.