მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განგაშს ატეხს აშშ და ევროკავშირი, თუმცა ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ“ - რუხაძე

60eef84c612fa
ინგა მურუსიძე
14.07.21 21:00
1155
გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა, ხოლო 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელი სცემეს, მათგან ერთი 11 ივლისს, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

14 ივლისს განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, რომელმაც თქვა, რომ "სანქციებზე აშშ წინასწარ არ საუბრობს, თუმცა მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს". 

14 ივლისს გააკეთა განცხადება ევროკომისიამაც. ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის მიერ მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის მეორე ტრანშის მიღებაზეც. ამ პაკეტის მოცულობა 60 მილიონი ევროა.

საერთაშორისო პარტნიორების განცხადება bm.ge-სთან საუბარში სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ შეაფასა :

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც და ევროკომისიის გადაწყვეტილებაც არის სიგნალი, რომ ცივილიზებული დასავლეთი შეშფოთება-აღშფოთების ფაზიდან გადადის დასკვნის ფაზაზე. ეს არის ამერიკის შემთხვევაში ერთგვარი ბოლო გაფრთხილებები, ხოლო ევროკომისიის შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილება აღარ არის. ევროკომისიის განცხადებაში აშკარად არის მინიშნებული, რომ მოსამართლეების დანიშვნა არის მიშელის დოკუმენტის დარღვევა და ხელისუფლება-ოპოზიციის საკითხია, თუმცა ის, რომ მოსამართლეები მაინც დაამტკიცეს, მოყვება საფინანსო ნაწილის სავარაუდო გაყინვა. უმაღლეს დონეზე ალბათ ეს ლაპარაკები უნდა წავიდეს ახლა.

ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს სანქცირება და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გამოასწოროს. ევროკომისიის გაფრთხილება ახალი არ არის, თუმცა ევროკომისია ამ საკითხს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლით არ აფასებს, საუბარია მთლიანად სასამართლო სისტემაზე და განცხადება არის პრევენცია შემდგომი ნაბიჯების გადადგმის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გარდა ამისა, რუხაძე პრობლემად მიიჩნევს იმას, თუ რამდენად აწუხებს ფინანსური სანქცია „ქართულ ოცნებას“.

„რამდენად აწუხებს ეს ამბავი „ქართულ ოცნებას“, ეს უკვე სხვა საკითხია, რადგან მათ იცოდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნას მაკროგრანტის გაყინვა მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც დანიშნეს მოსამართლეები. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის მოსამართლეების დანიშვნა უფრო ღირებული თემაა, ვიდრე ეს ფინანსური დახმარება. ნაკლებად ნერვიულობს ამაზე, თუმცა ყველა გადადგმული არასწორი ნაბიჯით ზარალდება მოსახლეობა. ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, როცა ჟურნალისტმა იკითხა, რანაირად ეკისრება პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრსო, მან უპასუხა - პრემიერს ამაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა დააკისროს“, - აღნიშნა მან.

გიორგი რუხაძის თქმით, სხვანაირად ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები ვერ შეგიცვლიან.

„მოსახლეობა ბევრ რამეს კარგავს, პირდაპირი ინვესტიციები ნულს ქვემოთაა, ეკონომიკა როგორ მდგომარეობაშია ვხედავთ და ამ ფონზე ფინანსური დახმარების დაკარგვა სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ამაზე პასუხი უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ.

განგაშს ატეხს შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც, თუმცა ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.