მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6119185f8c4cc
BM.GE
15.08.21 17:31
1475
გთავაზობთ გასული კვირის (9 – 14 აგვისტო, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვები დააწესდა
2. ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა
3. SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს
4. NDI-ს გამოკითხვის შედეგების ეკონომიკური ნაწილი
5. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე ჯამში 169.95 მილიონი ლარის სარგებელია დარიცხული
6. საჯარო სექტორში 2022 წლიდან ხელფასები გაიზრდება
7. ივლისში საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა სარეკორდოდ გაიზარდა
8. როგორი ტემპებით მიმდინარეობს საერთაშორისო ფრენების აღდგენა
9. 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 სტარტაპი Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარსდგენიან
10. სემეკმა „თელმიკო“ და „თელასი“ გაზრდილი გადასახადების დარიცხვის გამო ჯამში 125 000 ლარით დააჯარიმა


1. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვები დააწესდა

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვები დააწესა. შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სრულად შეიზღუდა გასართობი და სპორტული ღონისძიებები, კვების ობიექტების მუშაობა კი დასაშვები 23:00 საათამდე იქნება. ასევე ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. ამასთან, მთავრობამ საჯარო და კერძო უწყებებს რეკომენდაციით მიმართა, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაო პირობებზე გადაიყვანონ.

https://bit.ly/3sdyB0k ; https://bit.ly/2VNSezU ;
შეზღუდვების პერიოდში კი მთავრობამ ვაქცინაციის ცენტრების მიმართულებით სპეციალურ ავტობუსები დანიშნა. https://bit.ly/3shO4fZ 

2. ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა

პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა, რომელიც 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს მოიცავს.

2021 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 480 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, პირველ ექვს თვეში კი გეგმა დაახლოებით 20%-ით არის შესრულებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XrJaS9 

3. SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, SpaceX-მა რომლის მიზანია მსოფლიოსთვის სწრაფი ინტერნეტის მიწოდება, დაინტერესება გამოთქვა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3g3MrNX 

4. NDI-ს გამოკითხვის შედეგების ეკონომიკური ნაწილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 49% თვლის რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, მხოლოდ 35% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს, მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული შემდეგია: სამუშაო ადგილები (41.0%), სიღარიბე (38.0%), ფასების ზრდა /ინფლაცია (29.0%), ტერიტორიული მთლიანობა (20.0%) და პენსიები (15.0). გამოკითხვისას ეკონომიკური პრობლემების ჩამონათვალი თითქმის იმეორებს ეროვნული საკითხების ჩამონათვალს, ესენია: უმუშევრობა (59%), ინფლაცია (42%), სიღარიბე (19%), ლარის გაუფასურება (17%), დაბალი ხელფასები (16%). კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხებს ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yHuSKR ; https://bit.ly/3shYr3p 

5. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე ჯამში 169.95 მილიონი ლარის სარგებელია დარიცხული

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით ფონდში 1.54 მილიარდი ლარი არის დაგროვილი, ხოლო დაგროვებულ აქტივებს 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. აღსანიშნავია, რომ ფონდში არსებულ დანაზოგებს 169.95 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37GBltC 

6. საჯარო სექტორში 2022 წლიდან ხელფასები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასების გაიზრდება, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული იქნება. პრემიერის თქმით, საჯარო სექტორი კერძო სექტორს სახელფასო თვალსაზრისით "კონკურენციას ვერ უძლებს". კერძო სექტორში საჯაროსთან შედარებით იმიტომ არის მაღალი ხელფასები, რომ აქ საჯაროსგან განსხვავებით ბიზნესს სხვადასხვა მიმართულებით რისკები და გამოწვევები აქვს, კერძო სექტორში წარმოდგენილ ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენციაა, რაც კომპანიებს მეტი ხელფასის გაცემისკენ უბიძგებს, ხოლო საჯარო სექტორს არც კონკურენტი ჰყავს და არც ფინანსური რისკები, რადგან მუდმივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე დროს სახელმწიფოსგან განსხვავებით კერძო სექტორი ეკონომიკურ დოვლათს ქმნის, ხოლო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდით გამოწვეული საბიუჯეტო ხარჯების ზრდა კიდევ უფრო მეტად დააწვება გადასახადის გადამხდელებს, რაც ეკონომიკურ საქმიანობაზე დადებითაც ნამდვილად არ იმოქმედებს. პრემიერმა ასევე ქალაქების მერების ხელფასების გაორმაგება დაანონსა და თქვა რომ მათი 2,000 ლარიანი ხელფასი არ არის საკმარისი, თუმცა "ფაქტჩეკის" კვლევით თბილისის, რუსთავის, ბათუმის მერების ანაზღაურება 2,000 ლარს აღემატება. შრომის ანაზღაურება ასევე მოიცავს პრემია და დანამატებს, რაც მერების შემოსავლებს ზრდის.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iMU39t ; https://bit.ly/3g4xTxH ; https://bit.ly/2VV8y1G 

7. ივლისში საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა სარეკორდოდ გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით საქართველოში 2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 403%-ით გაიზარდა, ცხადია ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს ტურიზმის თითქმის განულებულ მაჩვენებელთან შედარებით მივიღეთ, რეალურად კი 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 26%-ით აღდგა. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა: თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან https://bm.ge/ka/article/ashsh-dan-saqartveloshi-satvirto-frenebi-shesruldeba/88974/ 
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37J3lg5 

8. როგორი ტემპებით მიმდინარეობს საერთაშორისო ფრენების აღდგენა

საერთაშორისო ფრენებზე რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, საქართველოს საავიაციო ბაზარი ეტაპობრივად იზრდება. ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა თბილისი - ვარშავა - თბილისის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება დაიწყო. ამანი - ბათუმი - ამანის მიმართულებით, ავიამიმოსვლა განაახლა იორდანიულმა ომპანია Fly Jordan (Solitaire Air), ჩიკაგო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მაც. ავიარეისების რაოდენობის აღდგენის დადებითი ტენდენცია აქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც 2021 წლის ივლისში რეისების 70 %-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 50%-ით აღდგა
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xKEkvF ; https://bit.ly/3sinEL5 ; https://bit.ly/2UiP2fl 


9. 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 სტარტაპი Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარსდგენიან

გამარჯვებული სტარტაპები ,,Agrolabs’’, ,,Cargon’’, ,,Payze’’ და ,,Cardeal’’ Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარადგენენ თავიანთ კომპანიებს, რაც ახალი კაპიტალის მოზიდვისა და ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებს მისცემთ. პროგრამამ კომპანიებისთბის უკვე მოიტანა დიდი ცვლილებები და მათი ღირებულებები გაიზარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yOTBNo 

10. სემეკმა „თელმიკო“ და „თელასი“ გაზრდილი გადასახადების დარიცხვის გამო ჯამში 125 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია, ასევე კომპანიებს მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3z0yeIQ