მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზავნილების უზრუნველყოფით კრედიტების მიღების შესაძლებლობა მარტივდება

63f6295a7b046
BM.GE
22.02.23 18:46
12794
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით გაფართოვდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება და მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ერთი წლის მანძილზე უნდა უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა.

ინფორმაცია ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:

• ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
• გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
• განაღდების თარიღი;
• მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
• მიმღების მოქალაქეობა;
• თანხის ოდენობა;
• ვალუტა.

აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.

"ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას. გზავნილებიდან მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ასახვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაკრედიტების პროცესის გამარტივებას. შესაბამისად, გაზრდის მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდული მოცულობის, 4.37 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 2.03 მილიარდი დოლარით მეტია.