მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხორბლეთა ასოციაცია პრემიერს: "გვინდა, წარმოგიდგინოთ გეგმა... ღირს ამაზე მსჯელობა“

6282a03bb63b8
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 10:00
1207
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ ფქვილის იმპორტზე გარკვეული გადასახადის დაწესება პურს გააძვირებს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ბოლო დღეებში საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი უწოდა და თქვა რომ ქვეყანაში, ფქვილთან ერთად ხორბლის საკმარისი მარაგებია, სულ მალე კი ადგილობრივი წარმოების ხორბლის აღების დროც მოვა.

შეძლებენ თუ არა 1.5 თვეში გაჩერების პირას მდგარი ერთეული წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის გადამუშავებას და როგორ გაგრძელებენ წარმოებები მუშაობას - ამ კითხვებით BM.GE ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა.

დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია და წისქვილკომბინატები პრემიერთან შეხვედრას მშვიდ ვითარებაში ითხოვენ.

„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საკითხზე შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ასოციაციამ იმავე დღეს ოფიციალური განცხადება facebook-გვერდზე გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ იყო ნათქვამი, რომ ქვეყანაში არსებობს ფქვილის მარაგი და მას მონიტორინგს სახელმწიფო უწევდა. ამ განცხადების ანალოგიურად ფქვილის აღნიშნული მარაგების არსებობა დაადასტურა სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი და პრემიერის პოზიცია თანხვედრაშია, რაც შეეხება წისქვილკომბინატების შემდგომი მუშაობის პერსპექტივას ასოციაციის სახელით მინდა მივმართო ბატონ პრემიერს:

ბატონო, ირაკლი, გვინდა მშვიდ, საქმიან ვითარებაში წარმოგიდგინოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, სწორად იმუშავებს როგორც ადგილობრივი წისქვილი, ასევე პურის ქარხანა, პურის ფასი სტაბილური იქნება და ბიუჯეტიც შეივსება. ამასთან, გეგმის ერთი ნაწილი პურის ფასის არ გაძვირებას ეხება.

წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება ყველა მხარე ამ სიტუაციაში ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებით, დადებითი ეფექტის მიმღები იყოს. გარწმუნებთ, ღირს ამაზე მსჯელობა.

გთხოვთ, შეგვხვდეთ ასოციაციას, მინისტრებთან ერთად ეკონიმიკური საბჭოს სამუშაო ფორმატში. დარგი არ ითხოვს გადაწყვეტილების მყისიერად აღსრულებას, არამედ ვითხოვთ პროგნოზირებად გარემოს თუ როგორ შევხვდებით ახალ სეზონს.

გვესმის, რომ ახლა ფქვილის იმპორტზე გარკვეული მექანიზმის მყისიერმა შემოღებამ შესაძლოა, ფქვილის იმპორტი დააზარალოს, ამიტომ გვინდა, პროცესი პროგნიზირებადი და დროში გაწერილი იყოს. ჩვენთვის საბოლოოდ მთავარი, სეზონის დაწყებამდე სწორი კონკურენციის პირობების აღდგენაა და იყოს გრძელვადიანად დაგეგმილი. აქვე დავძენთ იმ პერიოდში, როდესაც ხორბლის და ფქვილის იმპორტი ერთნაირი პირობებში ხორციელდებოდა, პურის ქარხნები 97%-ით ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ფქვილით მარაგდებოდნენ, ხოლო 3% - იმპორტირებულით. ამით ნათლად ჩანს რა პოტენციალი გააჩნია ადგილობრივ ინდუსტრიას“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

კითხვას - შეძლებენ თუ არა წისქვილკომბინატების პირველი ივლისისთვის ხორბლის ახალი მოსავლის მიღებას და გადამუშავებას, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

„ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი ახალი ხორბლის მოსავლის მიღებას, რამეთუ ჩვენ ვინარჩუნებთ მომსახურე პერსონალს, თუმცა საქართველოში 1.5-2-თვიანი მოსავლის დაფქვის შემდეგ, გვინდა ვიცოდეთ, შემდეგ რა მოხდება. შევძლებთ კი ხორბლის შემოტანას და წარმოების გაგრძელებას, თუ კვლავ ფქვილის იმპორტი გაგრძელდება. გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რათა მათ შორის ჩვენი პერსონალის ხვალინდელი დღე დავგეგმოთ“, - განაცხადა სილაგავამ.

ცნობისთვის: ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და დარგის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2021 წლის სექტემბრიდან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ პერიოდიდან აამოქმედა რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი, რამაზ ხორბლის იმპორტიორებისთვის პროდუქტის შემოტანა არარენტაბელური გახადა და შესაბამისად ხორბლის იმპორტი შემცირდა. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე არსებული ნულოვანი ბაჟის გამო კი ამ პროდუქტის შემოტანის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ყველაფერმა ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვია. დღეს კი წარმოების შეჩერებას ქვეყანაში მოქმედი მსხვილი წისქვილკომბინატებიც აანონსებენ. მეხორბლეები სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატში ხელისუფლებას ადგილობრივი წარმოების გადარჩენის მიზნით, რამდენიმე სახის მექანიზმს სთავაზობდნენ, თუმცა 16 მაისამდე, ანუ მანამდე სანამ პრემიერი ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებდა, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებდნენ - შეძლებდა თუ არა მთავრობა დარგის ხელშეწყობას.

ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე და შესაბამისად ფქვილზე ფასების ზრდის გამო ქვეყანაში პური რამდენჯერმე გაძვირდა. პურის მრეწველთა კავშირის ინფორმაციით კი მაისში პურის ღირებულება 10 თეთრით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები