მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სებ-ის კანონზე IMF-ის შეფასება უნდა გაიაზროს - გიორგი ხიშტოვანი

63f397875b7fb
მარიამ ვარადაშვილი
21.02.23 10:34
697
სტატიაში საუბარია:
9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მმართველი პარტიის წევრების მიერ ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი. ახალი კანონით იცვლება სებ-ის მმართველი სტრუქტურა.

რა წესი მოქმედებდა აქამდე?

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო, საბჭოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს. შერჩეულ კანდიდატს კი, ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს, ჯერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად უნდა აირჩიონ. საბჭოს წევრებს, თავის მხრივ, პრეზიდენტი წარადგენს და მათ პარლამენტის უმრავლესობა ამტკიცებს. რაც შეეხება ვიცეპრეზიდენტს, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელსაც რამდენიმე კვირაში ეწურება ვადა, სამი ვიცეპრეზიდენტი ჰყავს. საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, კობა გვენეტაძის წასვლის შემთხვევაში სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ახალი კანონით პირველი ვიცეპრეზიდენტის ცნება შემოდის, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ის ხდება მოვალეობის შემსრულებელი.

სებ-ის ვიცეპრეზიდენტებიდან ყველაზე ადრე - მიმდინარე წლის დეკემბერში ვადა ეწურება არჩილ მესტვირიშვილს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში ვადა გაუვა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცეპრეზიდენტს დანიშნავს. შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე შესაძლოა, ჰყავდეს ოთხი ვიცეპრეზიდენტი, რომელთაგან ერთი იქნება პირველი ვიცეპრეზიდენტი.

აღსანიშნია, რომ ორგანულ კანონში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტს ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო არანაკლებ საბჭოს ორი წევრის წარდგინებით.

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო დაჩქარებული წესით საპარლამენტო უმრავლესობამ ეს კანონპროექტი.

“ინსტიტუციას რომ გაუჩნდეს ახალი პოზიცია პირველი ვიცეპრეზიდენტის სახით, ამაში რამე გაუგონარი არ არის. ერთადერთ გაურკვევლობას იწვევს დრო, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის მმართველობის სტრუქტურაში. ვგულისხმობ იმ პერიოდს, რაშიც ახალი პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს. საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევად მიღებაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის განცხადება, რომელშიც საკმაოდ დელიკატურად და დიპლომატიურად ამბობენ, რომ ეს ცვლილება დადებითად არ იმოქმედებს, როგორც ინსტიტუტის რეპუტაციაზე, ასევე იმ პროცესზე, რაც პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ფორმა რა ფორმითაც დაიგეგმა ეს ცვლილებები და შედარებით ნაკლებად თავად შინაარსი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ გახდა აუცილებელი ამ მომენტში ამ ცვლილებების მიღება. ასევე არ ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს ამის უკან რა მიზეზი შეიძლება იყოს. ამიტომ, მიჭირს იმის თქმა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება”, - ამბობს ხიშტოვანი.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში [IMF] აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.

“ჩემი აზრით, ყურადსაღები მესიჯია. მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ამ მესიჯის მიღება და გააზრება”, - ამბობს ის.