მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობის მოქმედებით ჩანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უახლოეს მომავალში არ განხორციელდება“ - ქვარცხავა

631b4ca32caaa
ელენე გოგბერაშვილი
10.09.22 17:00
880
გაზრდილი ტვირთნაკადის და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის დატვირთვის ფონზე, საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ფოთის პორტს გაფართოების გეგმა აქვს, თუმცა კვლავ ღიად არის დარჩენილი ანაკლიის პორტის საკითხი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა.

სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, თუმცა პროექტის ახალ ტენდერთან დაკავშირებით ვადები ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროექტის განხორციელების ვადები წლის განმავლობაში გაცხადდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. კონკრეტული ქმედებები არ ჩანს, თუმცა მთავრობა კვლავინდებურად აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის ერთგულები რჩებიან და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინტერესების დამცველი, იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთევან ქვარცხავა ამბობს, რომ ახალი ინვესტორის მოძიების პროცესს მიმდინარე საარბიტრაჟო დავაც აფერხებს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას წინ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი უძღვის, შესაბამისად, შესაძლოა, პორტის პროექტის გაცოცხლებას რამდენიმე წელიც დასჭირდეს.

„მთავრობას არ გაუჟღერებია მწყობრი მიზანი ანაკლიასთან დაკავშირებით, დროდადრო, 6 თვეში ერთხელ გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლიას აუცილებლად ააშენებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მოქმედებით ჩანს, რომ ეს პროცესი ნამდვილად არ განხორციელდება უახლოეს მომავალში. როცა ვლაპარაკობთ რომ ვიღაცას უნდა პროექტის ბოლომდე მიყვანა, უნდა გავითვალისწინოთ, რა პროცესებია ჩასატარებელი და რა პროცესი ჩატარდა მანამდე.

2014 წელზე უფრო ადრე დაწყებული პროცესი 2016 წელს ძლივს დასრულდა რაღაც შეთანხმებით, შემდეგ უკვე სახელმწიფოს ძალისხმევით ეს პროცესი შეჩერდა. ახლა კიდევ ერთხელ რომ დაიწყოს ანაკლიის პორტის ამუშავების პროცესი, რას ნიშნავს ეს: უნდა გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, შემდეგ ინტერესთა გამოკვლევა მოხდეს, დაინტერესებული მხარეები უნდა შემოვიდნენ პრაქტიკულად პროცესში, დაიწყოს მოძიება ინვესტორების, შემდეგ ტენდერივით გაიმართება, შემდეგ გამოვლინდება რამდენიმე გამარჯვებული, მათთან გაიმართება ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, საბოლოოდ შედგება ან არ შედგება შეთანხმება. ეს შეთანხმება კი საბოლოო ჯამში ან შესრულდება ან არა. შესაბამისად ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ოპტიმისტურად რომ ვთქვათ, რომც დაიწყოს, 3-4 წელიწადში შეიძლება ხელშეკრულებამდე მივიდეთ, შემდეგ უკვე 3-4 წელიწადში შეიძლება რაღაც მოძრაობები მოჰყვეს ამას ანაკლიაში, მაგრამ დღემდე ფაქტია რეალურად ეს პროცესი წინ არ წასულა, პროცესი წინ ლოგისტიკურადაც არ წასულა. თუ იქ გაკეთდა რამე, გაკეთდა კონსორციუმის მიერ. პრაქტიკულად კონსორციუმმა გააკეთა ძირითადი სამუშაოები და სახელმწიფომ წაიღო აქტივი, რომელიც ასეთი არ იყო ადრე“, - აცხადებს ქეთევან ქვარცხავა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ინვესტორებმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2022 წელს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარია; "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორის ბობ მეიერის სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია კი 64 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც კონსორციუმის ინტერესების დამცველი ამბობს, ამ ეტაპზე დოკუმენტაციის გაცვლის პროცესი მიმდინარეობს და დავის განხილვის აქტიური პროცესი ჯერ არ დაწყებულა.