მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი იმპორტიორებს თურქეთიდან მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდებს

61ee550195811
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 11:29
850
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმპორტიორებს დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა“ - ასე მიმართა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორებს, როდესაც მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში წამლის ფასს მალე გააიაფებს.

„დაპირებისამებრ ჩვენ თურქეთის ბაზარი გავხსენით. იმპორტიორებისგან ველოდებით ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების დროულად შემოტანას. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩართულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმპორტიორებს დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით მედიკამენტებზე ფასებს ძალიან მალე გააიაფებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული გახდა.

პრემიერმა გასულ კვირაში მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში აქამდე არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდება, თუმცა არც პრემიერ და არც ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს უთქვამთ კონკრეტულად იქნება თუ არა საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული წამლები ისეთივე იაფი, როგორც დღეს თურქეთშია.