მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერის პაკეტი ინვესტორებს“ - EUGBC ინვესტორთა საბჭოს სხდომის მოლოდინშია

620d088fdf7d0
ინგა მურუსიძე
16.02.22 19:55
1437
ინვესტორთა საბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ bm.ge-ს EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ EUGBC-მ მოამზადა სპეციალური შეთავაზების პაკეტი, რომლითაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წახალისება წარმოუდგენია. დოკუმენტის პირობითი სახელია - "პრემიერ-მინისტრის პაკეტი ინვესტორებს". ამ თემაზე ის bm.ge-სთან ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში საუბრობდა და საკითხის საქმის კურსშია ირაკლი ღარიბაშვილიც.

„შეთავაზების დრაფტი მომზადებული გვაქვს, თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესი ვერ დავინახეთ, ამიტომ არ გადაგვიგზავნია მთავრობისთვის ეს შეთავაზება. ვგეგმავთ, ისევ ინვესტორთა საბჭოზე გავიაროთ ეს თემა. რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას, უნდა არსებობდეს მისი გაკეთების ნება და სურვილი. ეკონომიკაში რა ხდება, კაცმა ვერ გაიგო და მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ამ საკითხზე.

ჩვენი შეთავაზებით, უნდა შეიქმნას ერთიანი პაკეტი, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი ყველაფერი და დაერქმევა მას
„პრემიერ-მინისტრის პაკეტი“. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერი, ირაკლი ღარიბაშილი თუ სხვა, ეს უნდა იყოს პრემიერის უცვლელი პაკეტი, რომლითაც ინვესტორებს საქართველოს მიმართ გაეზრდებათ ინტერესი. ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ გარანტია შემოსვლისას, ყველა პუნქტი უნდა გაიწეროს, რამდენი ხნით შემოდის ინვესტორი, მიწა გადაეცემა თუ არა, პირველ წელს გადასახადის გადახდა მოუწევს თუ არა. თუ არ დააინტერესე, არავინ შემოვა“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, შეთავაზების შესახებ უფრო დეტალურად ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ ისაუბრებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ინვესტორთა საბჭოს წინა სხდომაზე EUGBC-მ დააყენა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭოში მათი ჩართულობა იყო, თუმცა როგორც სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, ამ საკითხზე უკუკავშირი არ ყოფილა.

EUGBC გეგმავს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესი მოიკითხოს.