მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ, სახელმწიფოსთან დავალაგოთ საკითხი, რომ მალფუჭებად პროდუქციას პრიორიტეტი მიენიჭოს" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

626fc8f18611a
ლიკა გურაბანიძე
07.05.22 22:10
2051
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტ ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, ქართულ მწვანილზე უცხოეთის ბაზრებიდან მოთხოვნა დიდია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ექსპორტი წარმატებულად მიმდინარეობს უკრაინის იმ ნაწილში, სადაც ომი არ არის. ასევე, ქართული მწვანილის ექსპორტი მოლდოვის, პოლონეთის და რუმინეთის მიმართულებით ხორციელდება, თუმცა უცხოეთის ბაზრებზე წარმატებით გასვლის პარალელურად მსოფლიო მასშტაბით ლოგისტიკური ჯაჭვების კოლაფსია შექმნილი, რაც მალფუჭებად პროდუქციაზე უარყოფითად აისახება.

“ექსპორტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ლოგისტიკური ჯაჭვებია. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში სატრანსპორტო კოლაფსია. მწვანილი კი მალფუჭებადი პროდუქტების სიაში შედის. თუ მაგალითად, რომელიმე მიმართულებაზე მწვანილით დატვირთულ კონტეინერს რიგში დგომა მოუწევს, ექსპორტიორი და მწარმოებელი ასეთ მიმართულებებზე პროდუქციის გაშვებას ერიდებიან.

ექსპორტიორთა ასოციაცია ცდილობს, სახელმწიფოსთან დაალაგოს საკითხი, რომ მალფუჭებად პროდუქციას შესაბამის მიმართულებებზე პრიორიტეტი მიენიჭოს. სატვირთო ავტომობილი ხშირად რიგში 1 კვირა დგას, რაც ექსპორტს ბუნებრივად შეაფერხებს. სხვა ქვეყნების მსგავსად ეს სტანდარტი ჩვენთანაც დანერგილი უნდა იყოს, რომ ექსპორტი არ შეფერხდეს” - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 8 ქვეყანაში 1.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 630 ტონა მწვანილი გაყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მწვანილის ექსპორტის ღირებულება 27%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 25.1%-ით.

აღსანიშნია, რომ ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანილი რუსეთსა და უკრაინაში იყიდება. აქედან რუსეთში იანვარ-მარტში მწვანილის ექსპორტის ღირებულება 38.3%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში - 6.1%-ით.