მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარმოადგინონ გეგმა" - დედაქალაქის მთავრობის პასუხი მწარმოებლებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

5f3fb3c9d48eb
ინგა მურუსიძე
21.08.20 18:40
1131
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმა მის მიერ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენზე(შეფუთვის მასალები, მეორადი საბურავები, ზეთები, მეორადი ავტომობილები, ბატარეები და ელექტრონული ნარჩენები) თავად უნდა იზრუნოს - აღნიშნული ნარჩენები უნდა შეაგროვოს და უზრუნველყოს მისი გადამუშავება. იმისთვის, რომ სისტემა ამუშავდეს, სპეციალური რეგლამენტები უნდა დამტკიცდეს, სადაც გაიწერება რა ვალდებულებები აქვთ უშუალოდ მუნიციპალიტეტებს და ბიზნესს. ამ დრომდე შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტის დამტკიცება ვერ მოხდა.

კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი მიუღებელია. ისინი ადგილობრივ მთავრობას შეხვედრისკენ და საკითხის ერთობლივი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.

რა პასუხი აქვს უნიციპალიტეტს ბიზნესისთვის და რატომ ვერ უძლებს კრიტიკას ახალი რეგლამენტის პროექტი, ამ საკითხზე Bm.ge თბილისის მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ესაუბრა:

„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ნარჩენების სეპარირება, ანუ IPR თავისი შინაარსით ნარჩენების დახარისხების და სეპარირების გარეშე არის მკვდარი ინსტრუმენტი. კომპანიები ამ ყველაფერს უყურებენ ვალდებულებების კუთხიდან, ანუ ისე, როგორც ეს კანონში წერია და სურთ მარტივად გადაწყვიტონ ეს პრობლემა, მაგრამ პრობლემა, რასაც ქვია, რომ პოლიგონზე ნარჩენი მინიმალურად უნდა მოხვდეს, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება, რადგან IPR მუშაობს მაშინ, როცა ადამიანები თავიანთ სახლებში იწყებენ ნარჩენების სეპარირებას. როცა კოდექსი მივიღეთ, ერთდროულად წარმოიშვა ვალდებულება მწარმოებლებისთვის, რომ მოუარონ თავიანთ ნარჩენებს და მუნიციპალიტეტებისთვის, რომ სეპარირებული ინფრასტრუქტურა შექმნან. ჩვენი მთავარი მიზანი არის ნარჩენის პრევენცია, ხოლო ამისთვის საჭიროა დაწყება თავიდან და არა ბოლოდან. მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ ნარჩენების სეპარირება, ამისთვის კი საჭიროა რაღაც წახალისება, რომ ადამიანებს სახლში ჰქონდეთ მინიმუმ სამი ნაგვის ურნა, თუ ასე არ მოხდა, გადამუშავდება ნარჩენების 10%, ხოლო დანარჩენი კვლავ მოხვდება პოლიგონზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ მერიამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა, განათავსა სტენდები, საიდანაც ნარჩენები გააქვს კერძო კომპანიას, ხოლო დანარჩენს რაც შეეეხება „სეპარირებული ურნების განთავსება არის მზადება იმისთვის, რომ უკვე ერთ წელიწადში, სამართლებრივი ვალდებულებით დადგინდეს, თუ რა იქნება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის წახალისების მექანიზმი იმისთვის, რომ ურნებში ცალკე მოხვდეს საკვები ნარჩენები და პლასტიკი“.

მაია ბითაძის თქმით, ვიდრე სამართლებრივი პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან შეიძინონ ნაგვის ურნები და შესაბამისი ტექნიკა.

„ახლა ვემზადებით იმ დროისთვის, რომ მოქალაქეები დაწყებენ ნარჩენების სეპარირებას. ამის კარგი მაგალითია ჭავჭავაძეზე განთავსებული ურნები. ეს ყველაფერი არის მოსამზადებელი სტადია და ვაპირებთ მთელ თბილისში გავაკეთოთ ისე, რომ ყველგან იდგას ურნები, მათ შორის გაცილებით დიდი. მთავარი თემები კი ის არის, რომ ამაში მუნიციპალიტეტი ხარჯავს ძალიან დიდ თანხებს. უნდა შევიძინოთ ავტომობილები და ა.შ. ეს ყველაფერი ჯდება მილიონები. რაც შეეხება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას - საწარმოები არასდროს ჩადებენ იმდენ ინვესტიციას ნარჩენების მართვაში, რასაც მუნიციპალიტეტი გაიღებს. მილიონები ჯდება ეს ყველაფერი. დაახლოებით 50 მილიონი ევროს დახარჯვაზეა საუბარი, რათა მანქანები და ნაგვის ურნები შევიძინოთ. მუნიციპალიტეტი ემზადება და ხარჯავს ფულს სეპარირებული ურნების დაყენებისთვის ფულს იმის გამო, რომ როცა მოსახლეობა სეპარირებას დაიწყებს, მზად იყოს სეპარირებისთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, მწარმოებლებთან ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა, პირადადაც ესწრებოდა და უახლოეს მომავალში იგეგმება გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაც, რათა ამ საკითხზე ისაუბრონ.

როგორც ბითაძე ამბობს, მწარმოებლები აცხადებენ, რომ პრობლემას გადაჭრის რამდენიმე ბოთლიყლაპია მანქანა და ამის შესაძენად მზად არიან, თუმცა ნარჩენების მართვისთვის ეს საკმარისი არ არის და რამდენიმე მანქანა ამ საკითხს ვერ გადაჭრის. „პირიქით, მანქანების დამატება დაამძიმებს ქალაქის მდგომარეობს ავტომობილების გადაადგილების თვალსაზრისით“.

„თუ არ დაიდგა ნაგვის ურნები და არ შეიქმნა კანონმდებლობა იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაასეპარიროს ნაგავი, სხვა ყველა ნაბიჯი იქნება ზედაპირული. მწარმოებლებთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თანხმა იქნებიან, რომ გაიღონ ის სახსრები, რასაც მუნიციპალიტეტი ხარჯავს მათ მიერ შემოტანილი ნარჩენების გარდაქმნის უტილიზაციისთვის, მაშინ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. უნდა წარმოადგინონ გეგმა, რომ შეასრულებენ იმ ინდიკატორებს, რაც აუცილებელია. ბიზნესს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ ასობით მილიონი დახარჯონ იმისთვის, რომ მათ მიერ იმპორტირებული ნარჩენები იმართოს“, - ამბობს ბითაძე და დასძენს, რომ ბიზნესის მოსაზრება არის, ადამიანების ცნობიერების იმედად დარჩეს ეს საკითხი, რისი მაგალითიც უკვე არის და სადაც სეპარირებული ნარჩენი არის ძალიან ცოტა, რაც ნიშნავს, რომ საყიდია დამატებითი დამახარისხებელი, რაც დაახლოებით 10 მლნ ევრო ღირს.

„ჩვენი მოსაზრებაა, რომ შედგეს შეხვედრა, სადაც გადაწყდება, რომ გასწორდეს კანონმდებლობა იმგვარად, რომ სეპარირების ვალდებულების წარმოქმნა დაემთხვეს IPR-ის ვალდებულებებს და დაემთხვეს იმას, რომ ამოქმედდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ზუსტად გვეცოდინება, თუ რა თანხებს ხარჯავს ბიზნესი, მათ მიერ შემოტანილი პროდუქტის ნარჩენად გარდაქმნის უტილიზაციისთვის. ოღონდ მხოლოდ რამდენიმე ბოთლიყლაპია აპარატზე არ უნდა იყოს საუბარი. თუ ბიზნესი მზად არის დაფაროს მთელი თბილისი, კი ბატონო, მაგრამ თუ მზად არ არიან, მაშინ ვეუბნებით, ის თანხები, რაც მათ ამ გაერთიანებული კომპანიისთვის უნდა გადაეხადათ, ნაწილი მოხმარდეს მუნიციპალიტეტის მიერ ურნების შესყიდვას“, - თქვა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება აღნიშნულ რეგლამენტზე EBRD-ის პოზიციას, ბითაძე ამბობს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათ რეგლამენტს ეთანხმება.

რაც შეეხება ბიზნესის პოზიციებს:

პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ალექსანდრე რატიშვილი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შემუშავებული „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ არ იქნება ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული, დოკუმენტი ამ სახით ვერ დამტკიცდება.

ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე 6 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ბიზნესომბუდსმენის მიერ წარდგენილ რეგლამენტს, რომელსაც ბიზნესი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და რომელიც ახალი რედაქციით მწარმოებლებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.  როგორც გივი კალანდაძე BM.GE-სთან საუბრისას მაშინ განმარტავდა, რეგლამენტი გასული წლის აპრილში ყველა მხარესთან შეთანხმების შემდეგ საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და მხოლოდ დამტკიცებას საჭიროებდა, თუმცა ამ დრომდე თბილისის მერიის ინტერესების გათვალისწინებით დოკუმენტის დამტკიცება ვერ მოხერხდა.