კომპანია „ხვანჭკარის ღვინის მარანი“ მიუხედავად გასული წლის ნაშთებისა, ყურძენს მაინც იბარებს. როგორც ღვინის მარნის დირექტორი გიორგი ჭანტურია BM.GE-ისთან საუბარში ამბობს, ქარხანა გადაიარაღეს, ჭურჭელი გამოათავისუფლეს და წელს უკვე 180 ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
“რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ყურძნის ფასი 7 ლარია; ვიღებთ ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე - გლეხებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მარაგები გვაქვს შემორჩენილი, პრობლემები არ შეგვქმნია, რადგან ქარხნის გადაიარაღება მოხდა“, - განაცხადა ჭანტურიამ.
ამასთან, როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივებისგან ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზას - ალექსანდროულის და მუჯურეთულის მოსავალს „ხვანჭკარის ღვინის მარანი” „მოსავლის მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით ყიდულობს, რომელიც სახელმწიფო საწარმოა.
„წელს რაჭაში ალექსანდროულის და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. სწორედ ამიტომ, ადგილზე ყურძნის ჩაბარება-დაბინავებაში ჩაერთო სახელმწიფოს მიერ დაარსებული საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“. სქემა ასეთია - „მოსავლის მართვის კომპანია“ ადგილობრივ ქარხანაში ანუ ჩვენი დახმარებით იბარებს ყურძენს, გლეხს უხდის 7 ლარს და მოგვიანებით, ქარხნისგან ხარისხიან, უკვე დამზადებულ ღვინოებს იღებს. ყოველ წელს ასე ხდებოდა, მარნები ვიბარებდით ყურძენს, ხოლო დარჩენილ ნაშთს ყიდულობდა სახელმწიფო კომპანია „აკურა“. მიმდინარე წელს „მოსავლის მართვის კომპანიას“ ვეხმარებით მოსავლის დაბინავებაში. ჩვენ ალბათ ძალიან ცოტა ყურძენს დავიტოვებთ, ძირითად ოდენობას კი, სახელმწიფო კომპანია შეიძენს“, - განაცხადა ჭანტურიამ.
bm.ge-ის კითხვაზე - რა კომერციული ინტერესი აქვს კომპანიას, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ „მოსავლის მართვის კომპანია“ „ხვანჭკარის ღვინის მარანს“ ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება - შენახვის მომსახურებას უნაზღურებს, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიის გავლენას ექსპორტზე, მარნის დირექტორი ამბობს, რომ covid-19-ის გავლენა ნეგატიური იყო, თუმცა ქარხანა არ გაჩერებულა. „წინა წელთან შედარებით ექსპორტში 70%-იანი კლება გვაქვს. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია შვედეთი, რუსეთი, უკრაინა და ჩეხეთი. საზღვარგარეთ გაგვაქვს სხვადასხვა ღვინოები - „ხვანჭკარა“, „საფერავი“, „ალექსანდროული“, „წინანდალი“ და „რქაწითელი“. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები შემცირდა, ქარხანა დაქოქილია და გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპორტის მოცულობა გაიზრდება“, - აღნიშნა ჭანტურიამ.