25.ივნისი .2022 19:18

რა პრობლემები გაუზიარა ტურიზმის სექტორმა სახელმწიფო უწყებებს შეხვედრაზე?

რა პრობლემები გაუზიარა ტურიზმის სექტორმა სახელმწიფო უწყებებს შეხვედრაზე?
views 890
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გუშინ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

BM.GE განსახილველი საკითხების გასარკვევად შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს შალვა ალავერდაშვილს დაუკავშირდა. საუბრისას დარგის წარმომადგენელმა ამ ფორმატის შეხვედრების დადებით ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის გამართული შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. რაც შეეხება განხილვის თემებს, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ძირითადი საუბარი 3 მთავარი თემის ირგვლივ წარიმართა.

„ერთ-ერთი თემა დასაქმებულთან ხელშეკრულების დადების ვადის 1-თვიან პერიოდის გახანგრძლივებას შეეხებოდა. ადრე დამსაქმებელს ხელშეკრულების გაფორმება 3 თვის განმავლობაში შეეძლო და პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში ხელშეკრულების გაფორმების ვადად 1 თვე განისაზღვრა. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი, პანდემიის დროს დახურული ტურისტული ობიექტი თავიდან იხსენება და როდესაც კადრები თავიდან აგვყავს, ან ვალდებულების შესრულება რთულია. მაგალითისთვის რთულია 400-მდე დასაქმებულს ხელშეკრულება 1 თვეში გაუფორმო, ამასთან თუ გამოსაცდელი ვადა არ არის გასული. ტურიზმის დარგის ყველა წარმომადგენელს აწუხებდა ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ ამ ვადების გაზრდა ვითხოვეთ თუნდაც 2 თვემდე. თუ ობიექტი მუშაა, ეს ვადა სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო როდესაც ობიექტი თავიდან იხსენება ამის მოსწრება ძალიან ძნელია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა კვალიფიციური პერსონალის დეფიციტს განიცდის. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია და პერსონალი არ გვყავს.

მეორე საკითხი რეგიონებში, მცირე ობიექტებისთვის შრომის უსაფრთხოების თანამშრომლების ყოლა იყო. ობიექტებს, რომლებსაც სულ 5-6 დასაქმებული ყავთ, მათთვის ასეთი კადრის ყოლა რთულია, რის გამოც მათ პრობლემები ექნებათ. მაგალითად, სიღნაღში შრომის ინსპექციის თანამშრომლების მიერ შემოწმების განხორციელებისას, ამის გამო ერთ-ერთი ობიექტი დაჯარიმდა. ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა.

კიდევ ერთი საკითხი ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმება იყო. რადგან ევროპისკენ მივდივართ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპაში ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტუდენტები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენთანაც ამოქმედდეს ამგვარი სისტემა შემოდგომამდე, რათა სტუდენტებს მუშაობის მოტივაცია მივცეთ“, - უთხრა BM.GE-ს შალვა ალავერდაშვილმა.