25.ნოემბერი .2020 21:35

რევაზ არველაძე: "ენგურჰესის" გაჩერებით, საქართველოს შესაძლოა, 1 მლრდ კვტ/სთ ელ.ენერგია დააკლდეს

რევაზ არველაძე: "ენგურჰესის" გაჩერებით, საქართველოს შესაძლოა, 1 მლრდ კვტ/სთ ელ.ენერგია დააკლდეს
views 439
უკან

2021 წლის იანვრის ბოლოდან "ენგურჰესი", რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება მთლიანი გენერაციის, დაახლოებით 30%-ს შეადგენს, 3 თვით სრულად გაჩერდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც 2018-2019 წლებშიც იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო. პროექტი 48 მლნ ევრო ჯდება და მას EBRD აფინანსებს. „რეაბილიტირებული ენგურჰესი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისიდან უნდა ამუშავდეს”, - ასეთია "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას პროგნოზი. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორს 300 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.

ლევან მებონიასგან განსხვავებით, "ენგურჰესის" მინიმუმ 3-4 თვით გაჩერებას პროგნოზირებს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე. შესაბამისად, მისი გათვლებით, "ენგურჰესის" გაჩერების გამო საქართველოს არა - 300 მლნ კვტ.სთ, არამედ ბევრად მეტი - 1 მლრდ კვტ.სთ დააკლდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ დანაკლისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე 300 მლნ კვტ.სთ, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ადგილზე გასატარებელია, 2 და 3 თვეში თვეში ვერ ჩაეტევა. ჩვენ 2017 წელს ვნახეთ გვირაბი; მის მთელ სიგრძეზე დაზიანებები იყო; მართალია, არცერთი მათგანი არ იყო ისეთი, რომ კატასტროფა გამოეწვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაემატებოდა. აქედან გამომდინარე, თუ რეაბილიტაციას ვაკეთებთ, სრულად თუ - არა, მაქსიმალურად ისეთი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, რომ შემდეგი რამდენიმე წელი მაინც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არ დაგვჭირდეს.
ამდენად, ჩემი აზრით, თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, მინიმუმ 3-4 თვე მაინც დასჭირდება სამუშაოებს და შეიძლება, 1 მლრდ კილოვატ საათამდე ავიდეს ის დანაკლისი, რაც საქართველოს "ენგურჰესის" გაჩერების გამო ექნება”, - განაცხადა რევაზ არველაძემ და იქვე დასძინა, რომ დეფიციტი, რომელიც საქართველოს ექნება, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვით შეივსება.

ფაქტია, "ენგურჰესის" გაჩერება ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას გამოიწვევს, რაც რევაზ არველაძის თქმით, „ტარიფებისთვის სასიამოვნო არ იქნება“.

„ენგურჰესის, როგორც მარეგულირებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფიქსირებული ტარიფია 1.8 თეთრი ანუ 2 თეთრამდე და მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს იმპორტირებული ელექტროენერგიით, რომლის ფასი, დაახლოებით, 5 ცენტია და შეიძლება უფრო მეტიც იყოს. ამდენად, ეს ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ტარიფებისთვის სასიამოვნო არ იქნება”, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

ცნობისთვის, სემეკს შპს „ენგურჰესისთვის“ ტარიფი წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული. ასევე, 2020 წლის 31 დეკემბრამდეა დადგენილი „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები.

"ენგურჰესის" გაჩერება, აფხაზეთი და მთავრობის დილემა


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა