მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რიყის დოქები” უნდა გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი" - იაგო ბიტარიშვილი

61e6a1bd2b266
მარიამ ადამია
19.01.22 00:00
1154
რა ფუნქცია შეიძლება მოვუძებნოთ ე.წ. “რიყის დოქებს”, რომლისთვისაც არც 2021 წელი აღმოჩნდა იღბლიანი და ობიექტი, რომლის აშენება ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდა, მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაიყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "რიყის დოქები" აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა, ამჯერად, დაახლოებით 17 მლნ ლარით ნაკლებად - 30 მლნ ლარად, მაგრამ - უშედეგოდ.

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ უფუნქციო დოქები ღვინის მუზეუმად უნდა ვაქციოთ, რადგან ქვეყანას, რომელიც ღვინისა და მევენახეობის ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ პოზიციონირებს, ეს ნამდვილად სჭირდება.

“რიყის დოქები უნდა გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც დაგვეხმარება რამდენიმე კურდღელი ერთდროულად დავიჭიროთ. მაგალითად, პირველი საკითხია შენობა, რომელიც აშენებულია და დიდი თანხაა დახარჯული და მას ფუნქცია უნდა გამოვუძებნოთ. მეორე საკითხია ტურიზმი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ღვინის მუზეუმი, რადგან მეტ ტურისტს მოიზიდავს და ღვინის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ასევე საგულისხმოა მისი ტერიტორია, რომელიც ყველაზე ხალხმრავალ, ტურისტულ ზონაშია განთავსებული. რაც შეეხება თავად შენობას, ჩვენ მოგვწონს თუ არა, ის იზიდავს უცხო თვალს და იწვევს ინტერესს”, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ბევრი ობიექტი შეიქმნა და ჩაიდო ინვესტიცია, იმისათვის რომ ტურიზმის განვითარებას შეეწყოს ხელი.

“მაგალითად Black Sea Arena, რომელიც შეიძლება არ არის კომერციულად მომგებიანი, მაგრამ საჭირო ნაგებობაა. ასევე შეიძლება განვიხილოთ “რიყის დოქები”, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს რომ მომგებიანი იყოს. თანაც სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ თანხას ხარჯავს ღვინის პოპულარიზაციის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში, და ეს მუზეუმი ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და გაზრდიდა ექსპორტს”,- აღნიშნა მეღვინემ.

ცნობისთვის, სწრაფი კვების რესტორანი „ენდორფინი“ ეკონომიკის სამინისტროს „რიყის დოქების“ 1 ლარად გადაცემის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პოსტი „ენდორფინის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრთან მიმართვა ახლავს, სადაც ამ დრომდე ვერგაყიდული და გაიაფებული ქონების კომპანიისთვის გადაცემის მიზნები და მიზეზებია განმარტებული.