მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდმა სახელმწიფო ელექტროსისტემა და "ესკო" ეკონომიკის სამინისტროს გადასცა

5f1ed56d4a5de
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 17:23
2254
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში აღარ იმყოფებიან. მათი 100%-იანი წილი ფონდმა უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა. შესაბამისი გარიგება მხარეებს შორის "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირების ფარგლებში განხორციელდა. 

შესაბამისად, საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში ამჟამად მსხვილი სახელმწიფო საწარმოებიდან მხოლოდ "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და "საქართველოს რკინიგზა" რჩება. 

ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული ორივე კომპანია 2018 წელს მოგებაზე იყო. კერძოდ, "სახელმწიფო ელექტროსისტემის" შემოსავალი 227 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება 46.7 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წელს კი, კომპანია 320-მილიონიან ზარალზე იყო. კომპანიის 2019 წლის ფინანსური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. კომპანიის აქტივები 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ესკო-ს შემოსავალმა კი, 2018 წელს 527.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება 98.5 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივების მოცულობა 87 მლნ ლარია. 

შესაბამისად, ამ კომპანიების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემით, საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებული აქტივები 1.2 მილიარდი ლარით შემცირდა. 

საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ:

უკვე მეორე წელია, მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. 

ფონდი შესაძლოა, რეფორმირების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე BMG-ის კითხვაზე პასუხობს, რომ ის ფონდის დაფინანსების არსებული მოდელის შენარჩუნებას არ უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საპარტნიორო ფონდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. "ეს იქნება უფრო სწორი", - ამბობს საგანელიძე. 

ჯერჯერობით, უცნობია თუ როგორი ფინანსური შედეგებით დაასრულა საპარტნიორო ფონდმა საქმიანობა 2019 წელს, რადგანაც ფონდს 2019 წლის აუდიტორული დასკვნა ჯერ არ გაუსაჯაროვებია. 2018 წელს კი ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, მას 585 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, რაც 2017 წელს არსებულ 481 მილიონი ლარის ზარალს 104 მილიონი ლარით აღემატებოდა. 

ფონდის რეფორმირების პროცესზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები