მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოწყობის წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს გაუზიარა

647607b9a54a8
BM.GE
30.05.23 18:44
374
სტატიაში საუბარია:
ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების სფეროში არსებული გამოწვევები და სტრატეგიული განვითარების მიმართულებები იყო პრაღაში გამართული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების მსოფლიო ფორუმის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმის საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი კაპიტალის ბაზრისა და კერძო ფასიანი ქაღალდების სწრაფი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას უკავშირდებოდა. საქართველოს გამოცდილების გაზიარება საინტერესო იყო ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც ორი ან მეტი ცენტრალური დეპოზიტარი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების და დეპოზიტარის ერთიანი სისტემა დანერგეს. სისტემა, რომლის მომწოდებელი ამერიკული კომპანია მონტრანია ცენტრალიზებულად ემსახურება ყველა ტიპის ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, სახელმწიფო და კერძო, ობლიგაციებს და აქციებს. ამასთან მასში ჩართულია ორი დამოუკიდებელი დეპოზიტარიც, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მაღალ ეფექტიანობას და დაბალ ხარჯიანობას.

გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, ახალი სისტემის დანერგვით, გატარდა ძირეული რეფორმა, რომლის შედეგად ფუნდამენტურად შეიცვალა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა ყოველდღიური საქმიანობა. სისტემა სრულად ავტომატიზებული გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გააიაფა ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების პროცესი. ამან ასახვა პოვა დეპოზიტართა ტარიფებზე. ტრანზაქციული ხარჯების შემცირება კი ბაზრის განვითარებისა და მეორადი ვაჭრობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი სტიმულია.

როგორც წესი, სისტემის ოპერირებას ცენტრალური ბანკები ახორციელებენ. ფასიანი ქაღალდების ინვესტორებისთვის, მისაღებ მოგებასთან ერთად, მნიშვნელოვანია თუ რამდენად საიმედოდ არის დაცული მათი ფასიანი ქაღალდები. ამ მხრივ ცენტრალური ბანკი საუკეთესო ადგილია, რომელსაც გამართული IT ინფრასტრუქტურა გააჩნია და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ცენტრალური ბანკის სისტემაში შენახული ფასიანი ქაღალდები საიმედოდაა დაცული, რადგან არსებობს ბიზნესის უწყვეტად წარმართვის შესაბამისი სტრატეგია და პროცედურები.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. ორი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და საქართველოს დეპოზიტარის გუნდი აქტიურად მუშაობდა სისტემის დიზაინის, ტესტირებისა და მიგრაციის ფაზებზე. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად სახეზეა თანამედროვე, ფართო შესაძლებლობების მქონე სისტემა, რომელიც ქართულ ფინანსურ ბაზრებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს.

რეფორმის ნაწილია ასევე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა დახმარებით შემუშავდა და მიზნად ფასიანი ქაღალდების ემისიის, შენახვის, ანგარიშსწორების და სხვა დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს.

ცენტრალური დეპოზიტარების მსოფლიო ფორუმს 200-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, როგორც წამყვანი ფინანსური ბაზრების, ისე განვითარებადი ბაზრების ქვეყნებიდან.



(NS)