30.ივლისი .2022 00:00

„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი

„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
views 24497
უკან

სარესტორნე ბიზნესს უჭირს. პანდემიის გამო ჩაკეტვების შემდეგ სექტორისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ინფლაცია აღმოჩნდა. როგორც bm.ge-სთან რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი ამბობს, თავისი ბიზნესის შემოსავლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტს რიცხავს, ვიდრე მოგება რჩება.

„პანდემიიდან დაწყებული დღემდე პროდუქტების ღირებულება დაახლოებით 40-45%-ით გაიზარდა. გაზრდილია სახელფასო ფონდიც, რადგან სამუშაო ძალის კრიზისია.

რაც შეეხება შემოსავალს, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გადასახადებში ვიხდი. მაგალითად 3-4 მილიონს, რასაც წლიურ გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში ვრიცხავ, მაგის 10%-ი, ანუ ნახევარი მილიონი, მე არ მრჩება.

ძალიან დიდი შრომა მიწევს, მაგრამ შემოსავალი ისეთი არ მაქვს, როგორიც უნდა იყოს. ამდენი რესტორნის მმართველი ვარ და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მილიონერი ვიქნებოდი და მეტად დაფასებული, მეტად აღიარებული, მეტად პატივცემული. პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ფეხს ითრევს რაღაც საკითხებში. ადამიანის განვითარება აქ ნაკლებად ხდება. ყველას განვითარება და წარმატებისკენ სწრაფვა უნდა. მეც შეიძლება რამდენიმე წელიწადში კი არა, რამდენიმე თვეშიც კი ავიკრა გუდა-ნაბადი და წავიდე“, - ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბიზნესმა ქვეყანაში დოვლათის შექმნის ინტერესი არ დაკარგოს, ის ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაა.

„პირველ რიგში ამ სფეროში უნდა გადაიხედოს დღგ-ს გადასახადის ნაწილი. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. პრაქტიკული განათლების სასწავლებლები უნდა შეიქმნას და ბიზნესს ფართო შესაძლებლობები უნდა მიეცეს, რომ ქარხნები შეიქმნას, რადგან ფაქტობრივად ქვეყანაში არაფრის წარმოება არ გვაქვს. ასევე, თუ არ შევქმენით საშუალო ფენა, ქვეყნის ეკონომიკას არასოდეს არაფერი ეშველება, რადგან ქვეყნის ეკონომიკას საშუალო ფენა ქმნის“, - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ბიზნესმა დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდა მოითხოვა. ლარის გაცვლითი კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ბიზნესი თვლის, რომ დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვარი მცირეა და ის მინიმუმ 0,5 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღგ-სთან დაკავშირებით პოლიტიკის ცვლილება კერძო სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რაც სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია, ვიდრე ამ პირობებში ბიზნესის დატოვება. დღგ-ის ზღვრის გაზრდასთან ერთად ბიზნესი თვლის, რომ გადასახედია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა