მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ნოემბერი)

5ff0e2de47c74
ეგნატე შამუგია
03.01.21 16:10
5234
კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წლის ნოემბერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოქტომბერი და კიდევ უფრო უარესი, ვიდრე - სექტემბერი. საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის 27 სექტემბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი 10 ნოემბერს დასრულდა, რაც, ბუნებრივია, ნოემბრის თვის ეკონომიკური მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახა. ფაქტია, რომ ომში დამარცხებული სომხეთის ეკონომიკა გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების - აზერბაიჯანი და საქართველო. არამხოლოდ წლის მეორე ნახევარი, არამედ მთლიანად გასული წელი რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. თუკი გლობალურად ეკონომიკა მხოლოდ "დიდი ჩაკეტვით" გამოწვეულ რეცესიაშია, კავკასიის რეგიონში მას მარტიდან ნავთობის ფასების შოკი, ყარაბაღის 45-დღიანი ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა დაემატა. წლის ბოლოსკენ სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური კრიზის შეიქმნა, თუმცა განსხვავებული მიზეზებით. სომხეთში ომის შემდგომ პერიოდს მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, რაც ბოლო პერიოდში გამწვავდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული გახდა ვადამდელი არჩევნების შესახებ განცხადება გაეკეთებინა. საქართველოშიც პოლიტიკური კრიზისი მიზეზი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მიზეზით. გასული წლის 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. პოლიტიკური არასტაბილურობა კი ეკონომიკური აქტივობისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის, რადგან განუსაზღვრელობა იზრდება. თუმცა, პანდემიის გამო არსებულ გლობალურ განუსაზღვრელობასთან შედარებით შეიძლება თვალსაჩინოც კი არ იყოს. კორონა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის გამო მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რაც ეკონომიკურ აქტივობის შეჩერებასაც შეეხო. შესაბამისად, ნოემბერში ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდა.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

გასული წლის ნოემბერში სომხეთის ეკონომიკა 10.3%-ით შემცირდა, რაც წინა თვეს 8.7%-იანი კლებით იყო. ფაქტია, რომ სომხეთში რეცესია უფრო ღრმავდება. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთის ეკონომიკა 7.2%-ითაა შემცირებული ეს კი კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ნიშნულია. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აზერბაიჯანია, რაც ნავთობის ფასების სტაბილურობას უკავშირდება. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკა 4.3%-ითაა შემცირებული, რაც ნავთობისა და გაზის გარეშე 2.9%-იანი კლებაა. ნავთობი კი ამ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილია. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ნავთობინდუსტრიაში შექმნილი დოვლათის წილმა მთლიანი ეკონომიკის 29.8% შეადგინა. სწორედ, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას უკავშირდება აზერბაიჯანის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელის ფასის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საშუალოდ 3.0 აშშ დოლარით მეტი იყო. ამავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ითაა შემცირებული [შეფასებული], რაც ოქტომბერში მდგომარეობის რადიკალურად გაუარესებას მიუთითებს. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეკონომიკის 3.9%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ნოემბერში 7.7%-იანი კლებაა. ეს კი უპირველესად შეზღუდვების გამკაცრების შედეგია, ხოლო გასული წლის ინავარ-ნოემბერის ეკონომიკის შემცირებაში მაღალი წვლილი მომსახურების სფეროებს - საცალო ვაჭრობა, სასტუმრო/სარესტორნო და სატრანსპორტო მომსახურებას უჭირავს. თუმცა, ინდუსტრიული დარგებიდან მშენებლობის უარყოფითი წვლილიც თვალსაჩინოა, რამაც არამხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, არამედ სომხეთის კლებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. სომხეთში, გარდა მშენებლობისა, ვაჭრობის სექტორიც არსებითად შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვის 13.5%-იანი კლებაა.

ფიგურა 2: მსოფლიოში საწვავის წარმოების და მოხმარების ბალანსი (საშუალო დღიური; მლნ ბარელი)
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

მსგავსად ნოემბრისა, დეკემბერშიც ნავთობიდან მომდინარე შოკს რეგიონი ნაკლებად განიცდიდა, თუმცა სამივე ქვეყნის შემთხვევაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად მასშტაბური და მკაცრი გახდა. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა გაცილებით მეტად შეიზღუდა, ვიდრე ნოემბერში. ამდენად, სამივე ქვეყნის შემთხვევაში ეკონომიკების უფრო მეტით შემცირებაა მოსალოდნელი, ვიდრე ეს წინა თვეებში იყო. მათ შორის, აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, რადგან გასულ თვეს ევროპაში შეზღუდვების გამკაცრება ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაში აისახა. თუმცა, 2021 წლიდან ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რადგან რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მასშტაბები გაფართოვდება, მაგრამ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წლის დასაწყისიდან ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო) შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვები იანვარში კვლავ იმოქმედებს. განსაკუთრებით, საქართველოში, რაც 31 იანვრამდე გაგრძელდება და ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე მას გაცილებით დიდი უარყოფითი შედეგი ექნება, ვიდრე აზერბაიჯანში. როგორც ვახსენეთ, ამ უკანასკნელის ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობინდუსტრიაა და მასზე მოთხოვნის მხრივ პოზიტიური მოლოდინებია, ხოლო, საქართველოს ეკონომიკის 60.0%-ზე მეტი მომსახურების სექტორს უჭირავს და შეზღუდვები ყველაზე მეტად სწორედ ამ სფეროს ეხება.