მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თბილისი ენერჯიმ“ შესაძლოა გაზი ვერ(არ) გააძვიროს - ბიზნესს მთავრობა ესაუბრება

5fdb702362711
თელარა გელანტია
17.12.20 19:00
1066
2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული სექტორისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით 1.10 ლარამდე ძვირდება - ესაა „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც, კანონის თანახმად, კომპანიამ მომხმარებელი საქმის კურსში ერთი თვით ადრე, 1 დეკემბერს ჩააყენა.

"თბილისი ენერჯი" კომერციული ტარიფის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

“თბილისი ენერჯის” მიერ ბუნებრივი აირის გაძვირების დაანონსებას, რასაც კომპანიას კანონი ავალდებულებს, კერძო სექტორის შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა. გასულ კვირას ბიზნესასოციაციებმა „თბილისი ენერჯისთან" შეხვედრაც მოითხოვეს, რადგან მათთვის "გაუგებარი იყო ტარიფის ზრდა".

თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომაც პირობა დადო, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციებს გამართავდა. დღეს კი, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „თბილისი ენერჯი“ კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდის, რაც კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგია.

bm.ge-ის კითხვაზე - რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის შემდეგ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით არ გაზრდის და არის თუ არა ეს ერთგვარი წნეხი ბიზნესზე, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ “არ შეიძლება, რომელიმე ბიზნესს თავისი გადაწყვეტილება ზეწოლით შეაცვლევინო”. თურნავამ განმარტა, რატომ გადაიფიქრა კომპანიამ ტარიფის გაზრდა.

„ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა“, - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნული განცხადება დღის პირველ ნახევარში გააკეთა. Bm.ge კომენტარისთვის „თბილისი ენერჯისაც“ დაუკავშირდა, სადაც ნათია თურნავას ინფორმაცია არ დაადასტურეს და გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 17:30 საათისთვის კომპანიამ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვამცნო შემდეგი: „თბილისი ენერჯი“ გიდასტურებთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე“.

აღნიშნული განმარტება, ბუნებრივია, ნათია თურნავას ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. სხვა დამატებით დეტალებზე „თბილისი ენერჯიში“ არ საუბრობენ.

ამ დრომდე არანაირი კომენტარი/განმარტება არ გაუკეთებია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამიტომ ბუნდოვანია, რის საფუძველზე თქვა ნათია თურნავამ, რომ 2021 წლიდან ბიზნესს ბუნებრივი აირი არ გაუძვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები