მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საქართველოს მეზობელთან ნორმალური ცხოვრება უნდა, მოსკოვი მზადაა - ლავროვის პირობა

612f6ca957c05
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.21 16:13
10254
"თუ საქართველოს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება უნდა, მოსკოვი კავშირების აღდგენისთვის მზად არის", - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„თუ საქართველო მიისწრაფის არა რუსული კარტის გათამაშებით დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისკენ, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება დანამდვილებით უნდა, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ.

ჩვენ გვინდოდა ქართველი მეზობლებისთვის გვეპასუხა, როდესაც მათ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედეს. თავდაპირველად ვაკვირდებოდით რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობას არავის ვუკრძალავდით. წელიწადნახევრის წინ მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მონახულების მიზნით, უვიზო რეჟიმი აგვემოქმედებინა, მაგრამ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა - უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვის მზაობას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრეგორი კარასინი გამოთქვამდა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისთვის ქართული მხარეც მზად არის, თუმცა საკითხი მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა. ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.