მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წისქვილკომბინატი „ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოებას გააჩერებს“ - დირექტორი

627e5db6b9dad
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.22 17:37
1962
“წისქვილკომბინატი „ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოებას გააჩერებს“, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა BM.GE-ის განუცხადა.

ის განმარტავს, რომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ხორბლისგან ადგილობრივი წარმოების ფქვილის ფასი, იმპორტირებული ფქვილის ღირებულებასთან მიმართებით იმდენად ალოგიკურია, რომ წისქვილკომბინატებს წარმოების გაგრძელება აღარ უღირთ.

დღეისთვის, ძველი კონტრაქტების დაახლოებით 650 ტონა ხორბალი მივიღეთ და გარკვეული ნაშთი გვაქვს. მაისის ბოლოსთვის კი წისქვილკომბინატის გაჩერება მოგვიწევს. სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში რადიკალური ცვლილებების იმედი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე წისქვილკომბინატის გაჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ფიზიკურად, მიმდინარე ხორბლის და ფქვილის სარეალიზაციო ფასი ალოგიკურია. თუ რამე შეიცვლება გავაგრძელებთ მუშაობას, თუ არადა მაისის ბოლოდან გავჩერდებით“, - ამბობს ლადო ბიძინაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 1 ტომარა იმპორტირებული ფქვილის ღირებულება დღეს 73-75 ლარია, ხოლო ადგილობრივი წარმოების, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 80 ლარი ღირს.

დღეისთვის "ბარაქას" წისქვილკომბინატში 100-მდე ადამიანი მუშაობს. ლადო ბიძინაშვილი ამბობს, რომ გაჩერების შემთხვევაში ეს ადამიანები სამსახურისა და შესაბამისად, შემოსვლის გარეშე დარჩებიან.

ადგილობრივი წარმოებების გაჩერების გამო ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასთან კომუნიკაციის მიზნით განცხადებით მიმართა. წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ამბობს, რომ ინდუსტრია მთავრობის მეთაურთან შეხვედრას ითხოვს.

„ამ ეტაპზე ვითხოვთ შეხვედრას პრემიერთან, რათა მივხვდეთ რა გზით შეიძლება წავიდეთ ამის შემდეგ. რეალურად იმის მრავალი ბერკეტი არსებობს, რომელიც ფქვილის იმპორტთან მიმართებით, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს დააბალანსებს. მინდა აღვნიშნო, რომ მანამდე ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარკისებური გადასახადის დაწესება შევთავაზეთ, რომლის შემთხვევაში სახელმწიფოს დანახარჯი არ ექნებოდა; მეორე შეთავაზება იყო, რომ მომავალი 2-3 თვის განმავლობაში, სარკისებურ გადასახადის დაწესებამდე, პურის მწარმოებლების მომარაგებას ფიქსირებულ ფასად მოვახდენდით, მაგრამ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. ახლა ვითხოვთ პრემიერთან კომუნიკაციას, რომ რაღაცაზე შევჯერდეთ“, - განაცხადა ბიძინაშვილმა და დასძინა, რომ კომპანიას ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს, თუმცა წისქვილკომბინატი ახლო მომავალში ფქვილის იმპორტის დაწყებას განიხილავს.

ცნობისთვის, აქტიური წარმოების პროცესში წისქვილკომბინატი „ბარაქა“ ადგილობრივი წარმოების ფქვილით ბაზრის 5%-ს ამარაგებდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები