მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუდონჰესის პროექტით ინვესტორიც აღარ არის დაინტერესებული - ეკონომიკის მინისტრი

60d98712bcb58
ინგა მურუსიძე
28.06.21 12:21
1792
მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მის მიერ აშენებას განიხილავს - ამის შესახებ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გააფორმა ხელშეკრულება იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-სთან, რომელსაც ხუდონჰესის ინვესტორ Trans Electrica BVI-სთან არსებული ხელშეკრულების მოშლის იურიდიული პირობების მომზადება დაევალა. ეს ხელშეკრულება ერთწლიანი იყო და ის მიმდინარე წლის მაისში დასრულდა, რის გამოც მთავრობამ იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალეა და ამას ადასტურებს ისიც, რომ შესყიდვების სააგენტოს საიტზე ყველა დოკუმენტი ატვირთულია.

„2011 წელს გაფორმდა შეთანხმება ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ „ხუდონჰესის“ განვითარების შესახებ. ობიექტური სუბიექტური მიზეზების გამო ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აქ არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი და ისიც მაინცდამაინც კომპანიის მხარეს, აქ არის მიზეზების კრებული, მათ შორის პროექტის სირთულე.

აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ ინდურ კომპანიას, რომ მოვშალოთ თანდათან ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული. აქ რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ალბათ ხისტად წავიდოდით კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის მოსახლეობის (პროტესტის) თემაც და სხვა მიზეზებიც, გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშავებთ, ურთიერთშეთანხმებით მოხდეს შეთანხმების გაწყვეტა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე პროექტის განხორციელებით ინვესტორიც აღარ არის დაინტერესებული.

„ინვესტორსაც აღარ აქვს პროექტის ინტერესი, რადგან 10 წელიწადში ვერაფერი განხორციელა. ახლა ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და მერე ვიმსჯელებთ, რა ფორმით იქნება უმჯობესი ამ დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლო დროის ვითარებამ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს, ერთადერთი მფლობელი თუ არა, პარტნიორი მაინც უნდა იყოს მსგავს პროექტებში“, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, პროექტს განახორციელებს სახელმწიფო თუ არა, მინისტრი პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ჯერჯერობით ნაადრევია მსჯელობა, თუ რა ფორმით განხორციელდება პროექტი, ახლა რასაც ვაკეთებთ ეს არის, რომ ჯერ უნდა გაწყდეს ხელშეკრულება და დავიბრუნოთ აქტივები, ხოლო შემდეგ ძალიან გამჭვირვალედ ვიბრუნებთ ამ საკითხზე", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა. თუმცა, პროექტის განვითარება ფაქტობრივად გაჩერებულია.
"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს და პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშის მიმდებარედ უნდა განხორციელებულიყო.