მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება მივაღწიოთ ვაქცინაციის ტემპის ზრდას? - ლევან ვეფხვაძის მოსაზრება

6165a917893e0
ელენე გოგბერაშვილი
13.10.21 10:15
873
საქართველოსი ვაქცინაციის დაბალი ტემპის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად, ხელისუფლება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და მანდატორულად, მოქალაქეთა ვაქცინაციის სავალდებულობის პრინციპის შემოღებას არ ჩქარობს, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ე.წ მწვანე პასპორტის მსგავსი მოდელის ამუშავება საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილია.

მთავრობას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც. ლევან ვეფხვაძის აზრით, წარმატებით იმუშავა როგორც ფრანგულმა მოდელმა, რა დროსაც სახელმწიფო საჯარო უწყებებსა და რიგ პროფესიებში დასაქმებულებში მანდატორულად ითხოვს ვაქცინაციას და ასევე გასათვალისწინებელია იტალიის მოდელიც, როცა შეზღუდვები თანაბრად ეხება როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორს.

საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ აკრძალვები მეტად უნდა გავრცელდეს საჯარო სექტორზე, რასაც მისი აზრით, აუცილებლად მოჰქყვება ბიზნესის მხრიდან თანმხვედრი გადაწყვეტილებები.

„ამ მხრივ, უკვე არსებობს საერთაშორისო გამოცდილება. მაგალითად ფრანგული მოდელი, რომელიც გულისხმობს საჯარო სივრცეებში შეზღუდვებს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებით და არა კომპანიების და კონკრეტული დაწესებულებების კეთილი ნებით. ამ მოდელმა საფრანგეთში გარკვეულწილად იმუშავა ანუ ფრანგული მოდელით კონკრეტულ საჯარო სივრცეში შესვლა მოქალაქეებს მხოლოდ ვაქცინაციის საბუთით შეეძლო, მიდგომა გულისხმობდა გარკვეული პროფესიების ჩამონათვალს, სადაც ის სავალდებულო უნდა ყოფილიყო.

არის უფრო მკაცრი მოდელი, იტალიური მოდელი, რომელიც 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ანუ ყველასთვის სავალდებულოა აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომ სამუშაო ადგილზე გამოცხადდე. ჩვენ შეიძლება ბოლომდე ამ გზით ვერ წავიდეთ, მაგრამ კარგი იქნება თუ ვიფიქრებთ ფრანგულ მოდელზე, როცა სახელმწიფო თვითონ აწესებს გარკვეულწილად შეზღუდვებს საჯარო სივრცეში შესვლაზე, მათ შორის რესტორნებში და ა.შ. მეორე მხრივ საჯარო სექტორზე ახდენს განსაკუთრებულ აქცენტს, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამურად საკმაოდ დიდია. თუ იქნება მეტი აქტივობა, დარწმუნებული ვარ, ბიზნესი ანალოგიურად გამოეხმაურება ამ აქტივობას.

რთულია ვისაუბროთ ვაქცინაციის სავალდებულობაზე, როცა სამიზნე კატეგორიის მხოლოდ 30%-ია აცრილი. იტალიაში ეს მოხდა მაშინ, როცა დარჩენილი იყო 30% და არა საწყისი 30% და გასაგებია, რომ განსხვავება ძალიან დიდია. ნელ-ნელა უნდა ვიაროთ სხვადასხვა მეთოდით და არა ტოტალური ვალდებულებით. სექტორულად, სეგმენტურად უნდა მივიდეთ სწორედ იმ გზით, რომ ეს 30% გავაორმაგოთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები