უახლოეს პერიოდში მესტიაში წლევანდელი ზამთრის სეზონი კვლავ სტარტს აიღებს, ამიტომ BM.GE სვანეთის წლევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა.
მოგვარდა თუ არა ელექტროენერგიის პრობლემა და როგორ ემზადებიან სასტუმროები წლევანდელი ტურისტული სეზონისთვის - ამ კითხვებით „ბუდე მესტიას“ მფლობელ თათია თეთრაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ელექტროენერგიის პრობლემების მოგვარების საკითხი კვლავ ღია კითხვად რჩება.
„ვერ ვიტყვი, რომ სვანეთში ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამ მომენტისთვის რაღაცნაირად ასე თუ ისე არ ჩანს პრობლემატურად, რადგან ახლა დიდი დატვირთვა არაა. როგორც კი ტურისტული სეზონი ამოქმედდება და დატვირთვა გაიზრდება, არ ვიცით რა მოხდება, ეს მუდმივი შფოთვის და ნერვიულობის მიზეზია. ვფიქრობ , რომ არაფერი მოგვარებულა და პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენ საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ვართ, რამდენიმე გამაძლიერებელი გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმრების მიღებას ვერ მოვახერხებთ, სარეცხ მანქანებსაც კი ვერ ვამუშავებთ გამაძლიერებლების გარეშე,“ - განაცხადა თათია თეთრაშვილმა.
რაც შეეხება სასტუმროების დატვირთვასა და ტურისტების რაოდენობას, თეთრაშვილის ცნობით, ამ მომენტისთვის აქტივობა ნაკლებია, თუმცა ძირითადი ჯავშნები ახალი წლისთვის აქვთ.
„ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ აქტიური პერიოდია, ძირითადი ჯავშნები ახალი წლის პერიოდში გვაქვს, ზოგადად, მესტიაში წინასწარი ჯავშნების სტატისტიკა შემცირებულია, ამის მიზეზი ზუსტად არ ვიცი. ზაფხული ძალიან კარგი იყო, ძალიან ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, ზამთრის სეზონისთვისაც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს,“ - განმარტავს „ბუდე მესტიას“ დამფუძნებელი.