იანვარ-თებერვალში საქართველომ სპირტიანი სასმელების გაყიდვით 35 მილიონ 318 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი წლიურად 20.1%-ით გაიზარდა. ამგვარად, გასულ წელს ამ დასახელების სასმელების ექსპორტის უარყოფით ტენდენცია დადებითისკენ შემობრუნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯამში იანვარ-თებერვალში საქართველომ 4 474 469 ლიტრი სპირტიანი სასმელები გაყიდა. 1 ლიტრი ალკოჰოლური სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 7.8 დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში სპირტიანი სასმელები ექსპორტზე საშუალოდ 6.6 დოლარად იყიდებოდა. ანუ ექსპორტზე გატანილი სასმელები დაახლოებით 18%-ით გაძვირდა.
სპირტიანი სასმელები ქვეყნისთვის ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო პროდუქტია, რომელმაც TOP-პროდუქტებს შორის 2026 წლის პირველ 2 თვეში 3.4%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი ექსპორტიდან 27 მილიონ 890 ათასი დოლარი ადგილობრივზე მოდის, დანარჩენი 7 მილიონ 428 ათასი დოლარის კი რეექსპორტი იყო.
სპირტიანი სასმელების მთავარი ექსპორტიორი რუსეთია. იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით გადაზიდვები 54.7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისში რუსეთში ჯამში 20 მილიონის ღირებულების 2 505 087 ლიტრი სპირტიანი სასმელები გავყიდეთ. 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 7.7 დოლარი იყო.
TOP-5 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
1. რუსეთი - $20 მლნ, 2 505 087 ლიტრი; 1 ლიტრი საშუალო ფასი - 7.7$
2. უკრაინა - $3.4 მლნ, 846 036 ლიტრი; 1 ლიტრი საშუალო ფასი - $4;
3. სომხეთი - $2.8 მლნ, 309 430 ლიტრი; 1 ლიტრი საშუალო ფასი - $9.3;
4. აზერბაიჯანი - $1.8 მლნ, 42 388 ლიტრი; 1 ლიტრი საშუალო ფასი - $43;
5. ბელარუსი - $1.5 მლნ, 254 127 ლიტრი; 1 ლიტრი საშუალო ფასი - $6.2;
ამ ქვეყნებიდან სპირტიანი სასმელები აზერბაიჯანში სრულად რეექსპორტით გადის და ყველაზე მაღალი საშუალო საექსპორტო ფასიც სწორედ აზერბაიჯანშია. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 1 ლიტრის საშუალო ღირებულება 43 დოლარამდე გაიზარდა, როცა 2025 წლის ამავე პერიოდში 37 დოლარი იყო.
ამასთან, საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული სპირტიანი სასმელების დიდი ნაწილი ასევე რეექსპორტზე მოდის და ამ შემთხვევაშიც საექსპორტო ფასი გაზრდილია და 1 ლიტრზე 9.3 დოლარია, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 6.2 დოლარი იყო.
სპირტიანი სასმელები ასევე ყირგიზეთში, ლატვიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გავყიდეთ.




























