სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 30 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ კანონთან შეუსაბამობებს ამხელს. მაგალითად, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ კეთილმოწყობის სამსახურში, სავარაუდოდ, შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი, მაგალითისთვის კი, მოყვანილია 18 მეეზოვე, რომლებსაც 8 ხელმძღვანელი პირი ჰყავთ. გარდა ამისა, აუდიტი ამბობს, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 6 მეველე, რომელთა ფუნქციას წარმოადგენდა მარტვილის ცენტრის დაცვა მოხეტიალე პირუტყვისაგან. დასკვნაში, ასევე, საუბარია საწავავის არამიზნობრივ ხარჯვაზე. „მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა“, - წერია აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის მიგნებების და დასკვნის კომენტირება BM.ge-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს სთხოვა. ალექსანდრე გრიგალავა ირწმუნება, რომ აუდიტის დასკვნას დეტალურად სწავლობენ და შენიშვნები გამოსწორდება, თუმცა არის საკითხები, რაშიც მერი აუდიტორებს არ ეთანხმება - ერთ-ერთი ასეთი თემა 18 მეეზოვისთვის 8 ხელმძღვანელის საჭიროებაა. ალექსანდრე გრიგალავა ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად ვითარდება და შესაბამისად, ნაგვის ურნების რაოდენობაც მომრავლდა. “სამუშაოც მეტია”, - ამბობს ის; თუმცა BM.ge-ის კითხვა-რეპლიკაზე - „მეეზოვეების ხელმძღვანელი პირების კი არა, უშულოდ მეეზოვების რაოდენობა ხომ არ უნდა გაზრდილიყო“, მარტვილის მერს არგუმენტირებული პასუხი არ ჰქონდა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ „უშუალოდ დასუფთავებაზე მომუშავე პირების რაოდენობაც იზრდება“.
„აუდიტის სამსახურის დასკვნას გავეცანით, რა თქმა უნდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გავითვალისწინებთ. მიდის მუშაობა შენიშვნების დამუშავებაზე და მათ აუცილებლად გამოვასწორებთ. რაც შეეხება საშტატო ნუსხას, მუნიციპალიტეტი მუდმივად ვითარდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კეთდება, სხვადასხვა ადგილებში ნაგვის ურნების დამატებაა, რომელთა მართვასაც მეტი თანამშრომელი სჭირდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საშტატო ნუსხა ხელოვნურად არის გაბერილი ან რაიმე მსგავსი", - განაცხადა გრიგალავამ და აუდიტის სამსახურის საპასუხოდ დასუფთავების სამსახურის სტრუქტურა წერილობით, თან დეტალურად გამოგვიგზავნა.
„ააიპ მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრში დასუფთავების განყოფილების და გარე-განათების განყოფილებაში არის განყოფლების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე დასუფთავების კუთხით, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში არიან: დასუფთავების ზედამხედველი დიდიჭყონის ზონაში (ინჩხური, გაჭედილი, დიდიჭყონი, სალხინო, კურზუ, ტალერი, თამაკონი,) - მისი ფუნქციაა, როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ასევე, ნარჩენების გატანის ზედამხედველობა ჩამოთვლილ სოფლებში. ცალკე გვყავს დასუფთავების ზედამხედველი ბანძის ზონაში (ბანძა, აბედათი, ონოღია, ვედიდკარი, ნაჯახაო, ლეხაინდრაო, ნაგვაზაო, ხუნწი, სერგიეთი) - მისი ფუნქციაც არის როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ასევე ნარჩენების გატანის ზედამხედველობა ჩამოთვლილ სოფლებში. დასუფთავების ზედამხედველი გვყავს ქალაქ მარტვილში (ქ.მარტვილი, ნახარებაო, ქვაითი, საელიაო, ნალეფსაო), მისი ფუნქციაა, როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ნარჩენების გატანის ზედამხედველობა, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ იურიდიულ პირებთან შესაბამისი მიღება/ჩაბარების აქტების გაფორმება. გვყავს დაგვა-დასუფთავების მენეჯერიც - მისი ფუნქციაა, მეეზოვეების ზედამხედველობა. რაც შეეხება მეეზოვეების რაოდენობას, დიდი ჭყონის ზონაში არის ორი მეეზოვე, ბანძის ზონაში - ორი მეეზოვე, ხოლო ქალაქ მარტვილში - 15 მეეზოვე.
ამდენად, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში არსებული რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 18 მეეზოვეს ჰყავს 8 ზედამხედველი, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მხოლოდ ერთ თანამშრომელს - დაგვა-დასუფთავების მენეჯერს აქვს უშუალოდ მეეზოვეების ზედამხედველობის ფუნქცია, დანარჩენი თანამშრომლები კი, ახორციელებენ ისეთ მოვალეობებს, როგორიცაა ნარჩენების გატანა და მისი ზედამხედველობა, იურიდიულ პირებთან მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმება“, - აცხადებს მერი.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის კრიტიკას მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრში დასაქმებულ 6 მეველეზე, რომელთა ფუნქციას წარმოადგენდა მარტვილის ცენტრის დაცვა მოხეტიალე პირუტყვისაგან, მაგრამ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება, მარტვილის მერს არც ამაზე აქვს არგუმენტირებული პასუხი. „მეველეები საჭირო თანამშრომლები არიან და ეს დოკუმენტაციითაც არის დადასტურებული“, - გვითხრა მან. „არსებობს რისკი, რომ ა(ა)იპ-ის საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას“, - ეს უკვე აუდიტის ანგარიშში წერია.
კიდევ ერთი თემა, რომელმაც მარტვილის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლისას აუდიტის სამსახურის ყურადღება მიიქცია, საწვავის არამიზნობრივი ხარჯია. „მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, მარტვილის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 2019 წელს გამართული საკრებულოს 21 სხდომიდან მონაწილეობდა მხოლოდ სამში. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიღებული საწვავის 72% ჩასხმული აქვს თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში”, - წერია მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ანგარიშში.
თავის მხრივ, აუდიტის აღნიშნულ კრიტიკაზე ალექსანდრე გრიგალავა შეეცადა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიერ საწვავზე დახარჯული თანხისთვის გამართლება მოეძებნა.
„თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ლიმიტები გათვალისწინებულია მერის წარმომადგენლებზე და საკრებულოს ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებზე. აღნიშნული პირები 21 ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ 74 სოფელში მაცხოვრებელ მოსახლეობას უწევენ მომსახურებას და ყოველდღიურად უწევთ ათეულობით კილომეტრის გავლა საკუთარი ავტომობილით და მათი ყოველთვიური საწვავის ლიმიტი არ აღემატება 50 ლიტრს", - აცხადებს მერი.
ალექსნდრე გრიგალავასთან ვრცელ ინტერვიუში შევეცადეთ პასუხები მიგვეღო აუდიტის ანგარიშის იმ ნაწილზეც, რომლის მიხედვით, 2018-2019 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ნაწილი მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს იყენებდა. მერი ირწმუნება, რომ სკოლებისა და ბაღებისთვის სასმელ წყალს ყიდულობენ, და შესაძლოა, აუდიტის სამსახური ჭურჭლის სარეცხი წყლის ხარისხზე წერს.
„შესაძლოა, აუდიტის სამსახური საუბრობდეს ჭურჭლის სასმელი წყლის ხარისხზე, რომლით სარგებლობაც ჭიდან ხდება, თუმცა ბევრ სკოლაში და ბაღში უკვე დაყენებული გვაქვს ფილტრები და წყლის ხარისხის გამოსწორებას ვცდილობთ. რაც შეეხება სასმელ წყალს, ჩვენ მას ვყიდულობთ და ბავშვებს დასალევად სუფთა წყალი მიეწოდებათ“, - განმარტავს მერი.
ალექსანდრე გრიგალავას მტკიცებით, არაერთი საკითხი, რაზეც აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2018-2019 წლების ანგარიშში წერს, 2020 წელს უკვე გამოსწორდა, ხოლო ზოგად რეკომენდაციებზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს და აუცილებლად გამოსწორდება. „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა მნიშვნელოვანია”, - აცხადებს მერი.