2024 წლის მონაცემებით, ყაზახეთი საქართველოსთვის მარცვლეულის ნომერ მეორე მომწოდებელია, რუსეთის შემდეგ, თუმცა იმპორტირებული ყაზახური ხორბლის მოცულობა არც ისე დიდია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ხორბლისა და მესლინის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანამ წლიურად 32%-ით მეტი, 76.2 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. იმპორტმა 326 505 ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 47%-იან ზრდას წარმოადგენს. მატება უმთავრესი მომწოდებლის - რუსეთის გაზრდილ მონაცემებს უკავშირდება, რომელზეც საქართველო ხორბლის იმპორტში თითქმის სრულადაა დამოკიდებული.
გასული წლის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 49%-ით გაიზარდა და მასზე მთლიანი იმპორტის 99.5% მოდიოდა. მეორე ადგილზე კი ყაზახეთია, იმპორტში 0.5%-იანი წილით.
უფრო დეტალურად, 2024 წელს საქართველომ ყაზახეთიდან 1 610 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 367 080 დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ყაზახეთიდან მარცვლეულის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის მონაცემებით კი იმპორტი გასულ წელს აჭარბებდა და ქვეყანამ 3 703 ტონა ($1.3 მილიონის) ყაზახური ხორბალი იყიდა.
ამასთან, 2024 წელს საქართველოში ხორბლისა და მესლინის მცირე მოცულობებით იმპორტი ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან განხორციელდა
ყაზახეთი, რომელმაც 2024 წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მიიღო, მარცვლეულის რეალიზაციის ხელშესაწყობად ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებას გეგმავს. სუბსიდია შეეხება საქართველოსაც.