2024 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის - შემცირდა. ორივე პროდუქტის შემთხვევაში საქართველო თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე. გასულ წელს ქვეყანაში შემოსული ხორბლის 99.5% და ფქვილის 96% სწორედ რუსეთიდან იყო.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველომ რუსულ ხორბალსა და ფქვილში ჯამურად 93 მლნ დოლარამდე გადაიხადა.
ხორბლის იმპორტი
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანამ წლიურად 32%-ით მეტი, 76.2 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. იმპორტმა 326 505 ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 47%-იან ზრდას წარმოადგენს. მატება უმთავრესი მომწოდებლის - რუსეთის გაზრდილ მონაცემებს უკავშირდება.
კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 49%-ით გაიზარდა, 324 753 ტონამდე. საქართველომ რუსულ ხორბალში 75.7 მლნ დოლარი გადაიხადა - წლიურად 35%-ით მეტი. შედეგად, რუსეთზე ხორბლის მთლიანი იმპორტის 99.5% მოდიოდა. მეორე ადგილზე კი ყაზახეთია, იმპორტში 0.5%-იანი წილით. 2024 წელს საქართველომ ყაზახეთიდან 1 610 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 367 080 დოლარი გადაიხადა.
ხორბლისა და მესლინის უმნიშვნელო მოცულობებით იმპორტი ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან განხორციელდა.
ფქვილის იმპორტი
გასულ წელს საქართველოში 70 866 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც წლიურად 48%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფქვილის იმპორტის ღირებულებამ კი 18.5 მლნ დოლარამდე იკლო - წლიურად 50%-ით.
ფქვილის საიმპორტო ბაზრები, ხორბლისგან განსხვავებით, შედარებით დივერსიფიცირებულია, თუმცა მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც რუსეთია და მასზე ფქვილის მთლიანი იმპორტის 96% მოდის. იმპორტის კლებაც სწორედ რუსეთიდან შემცირებულ შესყიდვებს უკავშირდება.
2024 წელს ფქვილის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- რუსეთი - $16.9 მლნ, 68 302 ტონა;
- თურქეთი - $1.1 მლნ, 1 959 ტონა;
- იტალია - $377 ათასი, 338 ტონა;
- ლიეტუვა - $77.4 ათასი, 180 ტონა;
- საფრანგეთი - $43 ათასი, 35 ტონა;
- ავსტრია - $17 ათასი, 20 ტონა.
უმნიშვნელო მოცულობებით ფქვილის იმპორტი ასევე პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.
ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გასული წლის 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა, იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ეს იმ დროისთვის მეორე გადავადება იყო. თუმცა აგვისტოში კვლავ დარგის წარმომადგენლების მოთხოვნით და მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადის მოქმედების ვადა 2025 წლის 1 მარტამდეა გახანგრძლივებული. მეხორბლეების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ამ ვითარებამ სექტორზე დადებითად იმოქმედა, ქვეყნის ბიუჯეტშიც გადასახადის სახით დაახლოებით 40 მლნ ლარი შევიდა.