"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2031 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში გადავა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დაიწყება პარტნიორის შერჩევის პროცედურა.
„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება", - განაცხადა კობახიძემ.
აქამდე მთავრობა აცხადებდა, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტი მგზავრებს 2029 წლიდან მიიღებდა. თავდაპირველი პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეძლებოდა, საბოლოოდ კი აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა ყოფილიყო.




























