საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს, უწყვეტი აქციების 24-ე დღეს, ხელახალი არჩევნების და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქცია-მსვლელობა გაიმართა დედაქალაქში, რომელთა თავმოყრის ლოკაცია უცვლელია და საბოლოოდ, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.
დღეს, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს არაერთი კუთხის თუ პროფესიის წარმომადგენლებმა. მათი ნაწილი უკვე შეუერთდა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, ნაწილი კი ამ წუთებში მსვლელობით მიემართება საკანონმდებლო ორგანოს შენობისკენ.
კერძოდ, დღეს თბილისში გამართულ და მიმდინარე აქციებს შორისაა: კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში, მასწავლებელთა მარში, იოგას მოყვარულთა და პროფესიონალთა სოლიდარობის მარში, გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში, ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულების მარში, გეიმერების მარში, მოცეკვავეების მარში, "არაგველების მარში", "მესხების მარში“ „ქუთაისელების მარში"; „სვანების მარში“; „აჭარლების მარში“, „რაჭველების მარში“, „ქართლელების მარში“, „იმერლების მარში“, „მეგრელების მარში“.
პროტესტი გრძელდება ქუთაისშიც, სადაც საპროტესტო აქციის პარალელურად, დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაძვის ხე აანთო და საახალწლო ღონისძიებას მართავს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მართავენ მსვლელობას ბათუმში.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ხვალ, პარლამენტთან აქციას შეუერთდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 21:00 საათზე სიტყვით გამოვა.