მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 მთავარი საკითხი ფასების დასაწევად - რას სთავაზობს კერძო სექტორი "ფასების კომისიას"?

ქვრივიშვილი

საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიმდინარე ეტაპზე სამი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე კერძო სექტორმა პირველად წარმოადგინა ხელშესახები ინიციატივა, თუ როგორ ხედავს ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს. საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიმდინარე ეტაპზე გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი – სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული ფასების ზრდის ფაქტორების უტყუარობა, ფასების შემცირების შესაძლებლობის არსებობა და ბიზნესის მზაობა, საკუთარი ინიცირებული მექანიზმებით ფასების შესამცირებლად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, კომისია დეტალურად შეისწავლის დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს, რათა შეფასდეს, რამდენად საკმარისია ისინი ფასების იმ დონემდე და მასშტაბით შემცირებისთვის, რაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

„ბიზნესთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ ფასების დაწევა“, – აღნიშნა მან.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომავალი კვირიდან ანალოგიური შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის "ფასების კომისიამ", რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს, 23 იანვარს კი - დისტრიბუტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები