სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით "ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, კომისია მუშაობას სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაიწყება.
„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება უშუალოდ კერძო სექტორთან, რათა უახლოესი თვეების განმავლობაში მივიღოთ ხელშესახები შედეგები,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ინტენსიური შეხვედრები საცალო ვაჭრობის ქსელების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და პროდუქტების მწარმოებლების წარმომადგენლებთან.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები მივიღოთ პრაქტიკულად აპრილის ბოლომდე,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 30 დეკემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომისია ძირითადად მინისტრებისგანაა დაკომპლექტდება, მასში მონაწილეობას ასევე მიიღებს სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
დაახლოებით ერთი თვის წინ - გასული წლის 24 დეკემბერს, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებდა საკითხის დეტალურ შესწავლას.




























