მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სექტორი ფასების შემცირების შესახებ სახელმწიფოს ხედვას იზიარებს - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა "ფასების კომისიის" სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მთავრობის მიგნებები, რომლებიც უშუალოდ სასურსათო პროდუქტების ფასებს უკავშირდება, ასევე იმ გარემო ფაქტორებს, რომლებიც მაღალ ფასებზე გავლენას ახდენს.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მზადყოფნა, გაიზიაროს სახელმწიფოს ხედვა და ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოს სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება და მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ხელშესახები შედეგების მიღწევას“, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობას აქტიურად გააგრძელებს და პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

დაახლოებით ერთი თვის წინ - გასული წლის 24 დეკემბერს, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებდა საკითხის დეტალურ შესწავლას.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები