"სემეკის" თავმჯდომარე დავით ნარმანია ელის, რომ გაზაფხულიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე მეტი კომპანია დარეგისტრირდება. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კომპანიებმა უკვე ნახეს შეღავათი ბირჟაზე ვაჭრობით.
რაც შეეხება ბაზრის სრულ გახსნას, ნარმანიას თქმით, ეს საკითხი მთავრობის პრეროგატივაა.
"დღეს ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია. კომპანიებმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ივაჭრეს გარკვეული შეღავათები ნახეს. დაახლოებით 300 000 ლარამდე დაზოგეს კომპანიებმა ბირჟის მეშვეობით ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ბირჟა საინტერესოა მომხმარებლებისთვის. ვვარაუდობ, რომ მეტი კომპანია დარეგისტრირდება გაზაფხულიდან, როდესაც ჩვენთან უფრო იაფი და ჭარბი ენერგია იქნება. ის თუ სრულად როდის გაიხსნება და როდის გადავალთ ახალ მოდელზე, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რადგან სწორედ მთავრობის კონცეფციის მიხედვითაა დადგენილი ბაზრის გახსნის ცალკეული ეტაპები",- ამბობს ნარმანია.
მისივე თქმით, ბევრმა არ იცის ჯერჯერობით ის სარგებელი, რომლის მიღებაც შეუძლიათ.
"ურჩევნიათ მაინც გარანტირებულად პირდაპირი კონტრაქტის მეშვეობით ჰქონდეთ ენერგია, თუნდაც ცოტა უფრო ძვირად და მშვიდად იყვნენ, ვინაიდან მაინც ენერგოდეიციტური ქვეყანა ვართ და იმპორტზე ვართ დამოკიდებული",- აღნიშნავს ნარმანია.
შეგახსენებთ, ექვსჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა, სრულყოფილი გახსნა კი 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ბირჟაზე პირველი გარიგება 24 ივლისს დაიდო, ხოლო ვაჭრობა სულ 20 მიწოდების დღისთვის შედგა. სამ თვეზე მეტია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ვაჭრობა ბოლოს 12 ნოემბერს შედგა. ამ დროისთვის ბირჟას 21 მონაწილე ჰყავს.
3 თვეზე მეტია ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა - როგორი იყო ბირჟისთვის 2024 წელი?