4,8 მლნ ლარის ჯარიმის გადახდა მოგვიწევს იმის გამო, რომ სესხი ავიღეთ და ვერ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის დასკვნას იმის შესახებ, რომ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განვითარებაც 2019 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული, წლის ბოლოსთვის 0%-ზე იყო შესრულებული.
„ყველა პროექტი საგარეო ვალით არის დაფინანსებული და ჩვენი გადასახდელია. ნებისმიერი დოლარი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, უნდა ხმარდებოდეს საქმეს, მაგრამ სინამდვილეში, შემოსულ თანხებს ითვისებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, არის კორუფცია. ათეულობით მილიონი ლარი დაიკარგა გზების მშენებლობაზე და მსგავსი მიდგომა არის ახლა, როცა ვერ დაიგეგმა სწორად, თანხა ვერ აითვისეს და დაგვაჯარიმეს. 4,6 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდა მოგვიწევს იმის გამო, რომ სესხი ავიღეთ და ვერ გამოვიყენეთ. ეს არის დანაშაული და პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც ეს ჩაიდინა. პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.