მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 კერძო ბაღი და 11 სპორტული ობიექტი - ვინ მოხვდა სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში

6077ed6b01017
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.21 11:25
1284
პანდემიის პერიოდში საქართველოში არაერთი ბიზნეს ობიექტი დაზარალდა. ფინანსური დანაკარგები, რომლებიც 2020 წლის მანძილზე ორმა ლოქდაუნმა ბიზნესს დაუტოვა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მართვით სუნთქვაზე გადასვლა აიძულა. კერძო სექტორის მოთხოვნითა და მიმართვების შემდეგ საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად საქართველოს მთავრობამ არაერთი დარგისთვის სესხის თანადაფინანსების, იგივე სესხის სუბსიდირების მექანიზმი აამოქმედა. ერთ-ერთი ბოლო სექტორი, რომელმაც ეს მხარდაჭერა მიიღო სპორტული დაწესებულებები და კერძო ბაღები იყვნენ. მათთვის სესხების სუბსიდირების მექანიზმი 8 თებერვალს ამოქმედდა და განაცხადების მიღება 5 მარტამდე გრძელდა.

როგორც მაშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, პროგრამაში ჩართვის მზაობას 100- მდე სპორტულ და 50-მდე ბაღს ჰქონდა. სესხების სუბსიდირება ამ ორ დარგზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ რესტორნების სესხების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. „ამ შემთხვევაში სესხების სუბსიდირება შეეხება როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებულ სესხებს და ლიზინგის პროცენტს“, - აღნიშნა მაშინ მინისტრმა.

რამდენმა სპორტულმა ობიექტმა და კერძო ბაღმა შეძლო სახელმწიფოს ხელშეწყობით სარგებლობა და რა მოცულობის ფინანსური რესურსი დაიხარჯა სესხების პროცენტის დაფინანსებაზე - ამ კითხვებით BM.GE-მ სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ მიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, დღემდე საბავშვო ბაღების შემთხვევაში სააგენტოში შესული 89 განაცხადიდან სულ 6 დაფინანსდა, სუბსიდირების მოცულობამ კი ლარში 9 003, დოლარში - 9 382, ხოლო ევროში - 4 444 ევრო შეადგინა.

რაც შეეხება სპორტულ ობიექტებს, რომელიც როგორც სპორტულ დარბაზებს, ფიტნეს ცენტრებს და საცურაო აუზებს მოიცავს, პროგრამაში ჩართვის სურვილი ამ შემთხვევაში 153-მა ბიზნეს სუბიექტმა გამოთქვა, თუმცა პირობების დაკმაყოფილება ამ დროისთვის მხოლოდ 11-მა შეძლო.

სპორტული ობიექტების სესხების სუბსიდრებისთვის დღეისთვის ბიუჯეტიდან 42 172 ლარი, 9 440 დოლარი და 57 435 ევრო დაიხარჯა.

„აწარმო საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ პროგრის ფარგლებში მიღებული განაცხადები დღეის მდგომარეობით, სრულად არ არის დამუშავებული, შესაბამისად შესაძლებელია მოცემული მონაცემების რედაქტირება მოხდეს.

სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრილი ბიზნესსუბიექტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შეგახსენებთ: სპორტული ობიექტების და კერძო საბავშვო ბაღების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მიზანი ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე აღნიშნულ სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებაა, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

სესხის სუბსიდირების პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს:

1. სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
2. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
3. მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას განახორციელებს, რომელიც ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით დაითვლება:

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში არაუმეტეს 80%-ის ოდენობით;
უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში არაუმეტეს 70%-ის ოდენობით;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილ ვალდებულებებს, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელ ვალდებულებს (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები