მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის დაკავებიდან 3 თვე გავიდა - რა ვიცით ახალი?

კახა კოტორაშვილი

$700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის დაკავებიდან 3 თვე გავიდა.

როგორც BMG-ის ბრალდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, კახა კოტორაშვილს წინასწარი პატიმრობის პირველადი ვადა ორი თვით გაუგრძელეს. მისი თქმით, მიზეზად გამოძიების ინტერესები“ დასახელდა.

საქმე ის არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადა 2 თვეა, რაც კახა კოტორაშვილის შემთხვევაში, 17 ნოემბერს გავიდა.

კოტორაშვილს პატიმრობა 17 სექტემბერს შეეფარდა - ის გლდანის ციხეში ჰყავთ.

კანონის თანახმადვე, პატიმრობის პირველადი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ პატიმრობის პირველადი ვადის გახანგრძლივების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება „საქმის სირთულე“ იყოს. ბრალდებულისა და განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, BMG პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კახა კოტორაშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ჩვენთვის უცნობია, საგამოძიებო ორგანოებმა კიდევ ვინმე დააკავეს, თუ - არა.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები