მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$700 მილიონის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს - ადვოკატი

კახა კოტორაშვილი

„ფულის გათეთრების“ გახმაურებულ საქმეზე, სადაც 700 მილიონი აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაშია კახა კოტორაშვილია ბრალდებული, bm.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც საქმის მთავარი ფიგურანტის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, საქმეში ბრალდებული ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და ორივე უკვე პირობითი მსჯავრით არიან გათავისუფლებული.

"ჯერ საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა" - კახა კოტორაშვილის ადვოკატი ₾700 მლნ-ის გათეთრების საქმეზე

აქამდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი ფიგურანტის, ელდარ ჰუსეინოვის ვინაობა იყო ცნობილი, თუმცა ირკვევა, რომ საქმეზე კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული, რომლებიც ჰუსეინოვთან ერთად პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უკვე გაათავისუფლა.

ადვოკატის თქმით, საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც უშუალოდ შემოჰქონდათ თანხა საქართველოში და საქმე მათ მიმართ დასრულებულია.

„სხვა პირების მიმართ, ვინც ამ საქმეში იყვნენ აზერბაიჯანელები ყველას გაუფორმეს საპროცესო და პირობითი მსჯავრით გაუშვეს. ჩვენს საქმეში ორი ასეთი პირი იყო და ორივე თავისუფალია. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს ჩვენც. თუ სხვა ფიგურანტებს, რომლებსაც თანხა უშუალოდ შემოჰქონდათ, გაუფორმეს შეთანხმება, კოტორაშვილმა, რომელიც მხოლოდ ახურდავებდა ამ ფულს, რა დააშავა? ჩვენც გაგვიფორმეთ საპროცესო შეთანხმება-თქო, კონკრეტული თანხაც კი შევთავაზეთ“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

ედიშერ ქარჩავას მტკიცებით, კოტორაშვილი მხოლოდ ვალუტის კონვერტაციას ახორციელებდა და პროცესი სრულად გამჭვირვალე და "ჩვეულებრივი ბრუნვა" იყო.

"ეს იყო ჩვეულებრივი ბრუნვა. აქ ჰქონდათ ეჭვი, რომ საზღვარზე ვიღაც მფარველობდათ, მაგრამ ეს ეჭვები არ დადასტურდა. ადამიანები ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, მოჰქონდათ თანხა, ჩვენთან ახურდავებდნენ და არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს ადგილი არ ჰქონია. ჩვეულებრივი დახურდავება იყო. ახლა იქ, საზღვარზე ვინ ეხმარებოდა, ეგ ჩვენი საქმე არ არის. საუბარია 700 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვაზე 4 წლის განმავლობაში. თანაც, სანამ კოტორაშვილს დააკავებდნენ, ერთი წლით ადრე აიყვანეს ესენი [ საქმეზე 2 ბრალდებული] და მერე გაუშვეს. ჩვენ მანამდე გამოკითხვაზე მოწმის სახით ვიყავით და ყველაფერი ვთქვით. ერთი წლის წინ განვმარტეთ, რომ მოჰქონდათ თანხა, ახურდავებდნენ ჩვენთან და მორჩა. ახლა კი საქმე ისე გაახმაურეს, რომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

შეფუთეს ეს საქმე პიარულად და ამიტომ უჭირთ ახლა გადაწყვეტილების მიღება, თორემ არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი ბრუნვა იყო. გადასახადებს ვიხდიდით, ვიბეგრებოდით ყოველნაირად და კანონს ვიცავდით. ვისაც საზღვრიდან შემოჰქონდა და გაჰქონდა ფული, ყველა პირობითით გაუშვეს", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი, რაც შემდგომ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს.

ამ დროისთვის კახა კოტორაშვილი პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპი იწყება, შემდეგი სხდომა კი 19 მარტს გაიმართება. დაცვის მხარე კვლავ საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა მხოლოდ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ₾210 000-ით დააჯარიმა.

განახლება: თავის მხრივ, BMG-ის პროკურატურაში განუცხადეს, რომ ადვოკატის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული პირები ფულის გათეთრების სხვა საქმის ფიგურანტები არიან და არ უკავშირდებიან ე.წ. $700 მილიონის გათეთრების საქმეს. BMG პროკურატურას დამატებითი კითხვებით მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები