მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ნავთობის გაძვირება გლობალურ ინფლაციურ გარემოზე ახდენს გავლენას - სებ

სებ

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის რიგით მეცხრე გადაწყვეტილება, როდესაც სებ-მა განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. სებ-ი მიუთითებს, რომ აფასებენ ორ განსხვავებულ - მაღალ და დაბალინფლაციურ სცენარებს, რომელთაგან მაღალი ინფლაციური სცენარი მოიცავს ნავთობის ფასების ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკებს. თუმცა, საბაზო სცენარით სებ-ი მოელის რომ 2025 წელს მოსალოდნელია რომ საშუალოდ ინფლაციამ 3.8%-ს მიაღწიოს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთან, მაისში ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა.

"გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები. ამავდროულად საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები გამწვავდა. ეს კი, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე, შესაძლოა მაღალინფლაციური სცენარი განვითარდეს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე გაურკვევლობის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად შესუსტებული რჩება. ამავდროულად, ბოლო პერიოდში სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასები გარკვეულწილად შემცირდა. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება,"- წერს სებ-ი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები