საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და ჩინურ კონსორციუმ CCCC-ს შორის კონტრაქტი არ გაფორმდება.
„იმედი მაქვს, ჩვენი [ამერიკელი] პარტნიორების აქტიურობამ შედეგი გამოიღო“, - აცხადებს ის.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში თინა ხიდაშელმა გაიხსენა უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის რამდენიმე განცხადება, რომელიც ჩინურ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმების ვადებს შეეხებოდა.
- ლევან დავითაშვილი ჯერ თებერვალს ასახელებდა, შემდეგ მაისს, - მერე ივნისს. ის ამბობდა, რომ გაზაფხულზე, მაქსიმუმ ზაფხულამდე გაფორმდებოდა კონტრაქტი, მაგრამ ივლისია და არაფერი ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აპრილში ჩვენი პარტნიორების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და [CCCC-თან კონტრაქტის გაფორმების პროცესი] გადავადდა. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება ვერ მოახერხებს ამ ყველაზე მთავარი მოღალატეობრივი აქტის ჩადენას, რომელიც სტრატეგიულად დაგვაზარალებს სამუდამოდ, რადგან საქართველოს დაუკარგავს თავის მთავარ სტრატეგიულ ფუნქციას თუ რუსულ-ჩინური ალიანსის ქვეშ აღმოჩნდება შუა დერეფნის საქართველოს მხარის ბოლო წერტილი...
- ჩინურ კონსორციუმთან გადავადების მიზეზი რომელი მხარე შეიძლება იყოს - დავიჯეროთ, რომ „ქართულ ოცნებამ“, რომელიც არ იზიარებს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, ანაკლიასთან მიმართებით ანგარიში გაუწია ამერიკელი სენატორების განცხადებას თუ შესაძლებელია, ჩინური მხარე დაპაუზდა?
- ჯერ ერთი, ალბათ ისინიც დაპაუზდნენ, რადგან ვინ ჩადებს ამხელა ინვესტიციას ისეთ არასტაბილურ გარემოში, როგორიც დღეს საქართველოშია. მეორე მხრივ, მათ აქვთ სერიოზული პრობლემა - ფინანსური გარანტიები ვერ მოაქვთ, ვინაიდან ბანკი, რომლისგანაც ცნობა უნდა მოეტანათ, გარანტიას არ აძლევს, ვინაიდან ისინი სხვა ქვეყანაში, სხვა პროექტის გამო შავ სიაში არიან. მესამე - მართალია, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის პარტნიორების [მოწოდებების], მაგრამ არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ ბევრს ავტორიტარულ სახელმწიფოებში, ჰგონიათ, რომ ტრამპის პოლიტიკა არის ე.წ. transactional და მათ სჯერათ, რომ დემოკრატიისგან უკუსვლას, ადამიანების წამებას, არჩევნების გაყალბებას, პოლიტიკოსების დაჭერას, მედიების დახურვას აპატიებენ [თუმცა როგორ აპატიებენ, მაგასაც ვნახავთ - ამ ზაფხულს ბევრ რამეს გავიგებთ] , მაგრამ ასევე იმისი სჯერათ, რომ ბიზნესის ნაწილში არ აპატიებენ, ამიტომ იქ გაცილებით ფრთხილად მოქმედებენ. ამდენად, ერთობლიობაში, ვართ იქ, სადაც ვართ. შეიძლება ხვალ დილით უცებ ხელი მოაწერონ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ არ მგონია...
ანაკლიის პორტი 1 წლის შემდეგაც ინვესტორის გარეშეა - CCCC-ის გამარჯვებულის სტატუსი ისევ არ აქვს




























