ფიზიკოსი და მეცნიერი გია დვალი აცხადებს, რომ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცრება არის კატასტროფა და მას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან.
როგორც მეცნიერმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, ეს კანონი არის კონტროლის მექანიზმი.
„არ ველოდი, რომ ამ კანონის ინიციირება მოხდებოდა, თუმცა რაღაც სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია. გასაგებია, ამერიკამ საერთოდ რომ არაფერი არ გვითხრას და იგივე, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ჩვენ ხომ გვესმის, ეს კანონი რამხელა კატასტროფაა. ეს არ არის არც გამჭვირვალობა… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას, რომ ერთხელ იყო უკვე მიღებული და გაიწვიეს და ა.შ... ამას კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ევროპას და საერთოდ სახელებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის კონტროლის მექანიზმი. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მომისმენია, რომ გამჭვირვალობა ცუდია?! რაღაც საზღვრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა აღარ არის გამჭვირვალობა, ვინაიდან ის გადადის ტოტალურ კონტროლში”, - განაცხადა გია დვალმა და დასძინა, რომ დიდი იურისტობა არ არის საჭირო იმისათვის, რომ მიხვდე “ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები შემდეგ საითკენ მიდის”.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართება. პარალელურად, პარლამენტის წინ აქცია იგეგმება.




























