მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამიერიდან მმართველი გუნდი იქნება პასუხისმგებელი ინფლაციაზეც და ლარის კურსზეც“...- „სებ-ი დგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ!“

6494438963a53
ელენე გოგბერაშვილი
22.06.23 16:49
658
სტატიაში საუბარია:
„რაც ახლა ხდება, არასდროს მომხდარა, ეს არის შეტევა მთლიანად ეროვნული ბანკის ინსტიტუტზე“- ასე აფასებს IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იქმნება. მან სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეასრულოს. აღნიშნული თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს აქვს დაკავებული.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც სწორედ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ.

BM.ge-ის ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას ნათია თურნავა აპირებს. რაც შეეხება ასევე, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს, ის საბჭოს წევრებისთვის საკუთარი თავის შეთავაზებას არ აპირებს.

მიხეილ კუკავას შეფასებით, "სებ-ის კანონში ცვლილებებით" მმართველი ძალა ცდილობს გააკონტროლოს ცენტრალური ბანკი, რაც რეპუტაციულად დიდ ზიანს აყენებს თავად ინსტიტუტს და ქვეყანას. „ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მმართველი გუნდი, რა პასუხისმგებლობას იღებს“,-აცხადებს მიხეილ კუკავა.

„ეროვნული ბანკი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო მთავრობისგან. 1995 წლიდან მის დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა, თუმცა მცდელობა გვახსოვს მათ შორის ფინანსური ზედამხედველობის გამოყოფის და ა.შ, მაგრამ რაც ახლა ხდება, არასდროს მომხდარა. ეს არის შეტევა მთლიანად ინსტიტუტზე. ეროვნული ბანკი დგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. რეპუტაციულად არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან სებ-მა, მიუხედავად იმისა ვეთანხმებოდით, თუ არა მის პოლიტიკას, მიიღო არაერთი აღიარება სავალუტო ფონდისგან იმ მონეტარული პოლიტიკისთვის, რასაც ატარებდა.

რაც ევალებოდა იმას აკეთებდა და იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ხალხი მისკენ გაიშვერს ხელს ლარის კურსის თუ ინფლაციის გამო, ამიტომ უნდა შეაფასოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის რაციონალურობა, რაც წარმოუდგენელია.

ჩვენ გვაქვს მეზობელი თურქეთის მაგალითი, სადაც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ცდილობს გააკონტროლოს ცენტრალური ბანკი, რომელმაც გააღარიბა მილიონობით თურქი, რამაც საფუძვლიანად შეარყია ქვეყნის მიმართ ინვესტორების და კრედიტორების ნდობა.

ამდენად ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მმართველი გუნდი, რა პასუხისმგებლობას იღებს. ამიერიდან მმართველი გუნდი იქნება პასუხისმგებელი ინფლაციაზეც და ლარის კურსზეც. სწორედ ეს იყო ახსნა პარტიის თავმჯდომარის, რომ ხალხი სებ-ისკენ კი არ იშვერს ხელს თუ არ არის უკმაყოფილო, იშვერს ხელს მთავრობისკენ და ამიტომ რა თქმა უნდა ვაკონტროლოთ ეროვნული ბანკი.

დიდი რისკია, რომ ადამიანს, რომელიც ამ პოლიტიკური გუნდის წევრად მოიაზრება, ძალიან ადვილად მიაღებინონ გადაწყვეტილება და მისი საშუალებით მაგალითად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, ან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მოახდინონ გავლენა“,-აცხადებს მიხეილ კუკავა.

ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, დაახლოებით 18:00 საათისთვის გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები