სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, თუმცა განკარგულებაში წერია, რომ მას სახელმწიფო როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს ისე დაიცავს.
არადა, 23 აგვისტოს ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ საქმიანობას პრემიერის მრჩევლად გააგრძელებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. იუსტიციის მინისტრის პოსტს კი 4 აპრილიდან აღარ იკავებს. ანუ ოხანაშვილის სულ ბოლო მაღალი თანამდებობა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო.
თუმცა საქმე ის არის, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 1 წელი სახელმწიფო საქართველოს იუსტიციის მინისტრს იცავს, დასაცავ პირთა ნუსხაში არ არის სუს-ის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძის უფასო მრჩევლებად ლევან იზორია და ანრი ოხანაშვილი რჩებიან. საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.
შეგახსენებთ, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.




























