საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაფრთხილებისა, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვევს, კანდიდატის სტატუსის დაკარგვის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან საქართველომ ის არგუმენტირებული ბრძოლის შედეგად მოიპოვა.
“ჩვენი პარტნიორები, ბევრი მათგანი ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ. ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ელჩი ერთხმად ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და ჩვენი გზა მისი გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, თორემ პრობლემები შეგვექმნებოდა ევროინტეგრაციის გზაზე და იქნებოდა ჩვენი დემოკრატიისთვის უკუსვლა. ჩვენ მიხეილ სააკაშვილი არ გავათავისუფლეთ ის არც კვდებოდა და არც გასათავისუფლებელი იყო. ამის შემდეგ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ოღონდ, ვიბრძოლეთ ამ სტატუსისთვის, არგუმენტებით ვიბრძოლეთ.
არ არის შესაძლებელი, [რომ კანდიდატის სტატუსი დავკარგოთ], რადგან მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ პრობლემა შეგვექმნებოდა. ისინი კი არ ტყუიან, უბრალოდ თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რაშიც, პირდაპირ ვიტყვი, სუბიექტურები არიან”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ევროპისა და ამერიკის არაერთი დიპლომატი გამოეხმაურა, რომლებმაც ხელისუფლებას რუსული კანონის კიდევ ერთხელ უკან გაწვევა ურჩიეს. მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს და პირიქით, თუ ბლოკის წევრობის მსურველი ქვეყნები მხარს ისეთ კანონპროექტებს დაუჭერენ, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ეს მათი ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას მოახდენს.