საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველ პარტნიორს მედეა ტაბატაძეს მიაჩნია, შრომის ბაზრის მოთხოვნები უმაღლესი განათლების რეფორმისთვის სანდო საყრდენი ვერ იქნება.
„არ შეიძლება, უმაღლესი განათლების რეფორმა ბიზნესში მოთხოვნად პროფესიებზე ჩამოკიდო“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც განხილვის მთავარი თემა უმაღლესი განათლების რეფორმა იყო.
მისივე აზრით, განათლების რეფორმა უნდა დაეფუძნოს უნარების გაძლიერებას და არა - პროფესიულ კვოტირებას.
„უნარებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა - პროფესიებზე... იურისტებზე რომ არ იყოს მოთხოვნა, ხომ ვერ გავაუქმებთ და დავხურავთ იურიდიულ ფაკულტეტებს?! დღეს - არა, ხვალ დასჭირდება [ქვეყანას იურისტები]“, - აღნიშნა მან.
სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის - „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის რიგით მეხუთე გამოწვევაზე პასუხად, ხელისუფლებამ
ამოცანად შრომის ბაზრის ანალიზი დასახა. „კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას“, - წერია დოკუმენტში.
ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ შრომის ბაზრის ანალიზის დამკვეთი ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ არ ვიცით, უშუალოდ ვინ ატარებს კვლევას და არც კვლევის დეტალური მიზნობრიობაა სწორი. განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას დაპირების მიუხედავად, კვლევა ამ დრომდე არაა საჯარო.
მედეა ტაბატაძის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უმაღლესი განათლების რეფორმა მხოლოდ მოთხოვნად პროფესიებზე ვერ აიგება, შრომის ბაზრის დინამიკურობაა და მაგალითად პროგრამირების სექტორი მოიყვანა - ორი-სამი წლის წინ ICT სფეროში კადრებზე კრიტიკული მოთხოვნა იყო, მაგრამ დღეს ბაზარი შენელებულია. შესაბამისად, სახელმწიფო კვოტების დაწესება დღევანდელი მოთხოვნის მიხედვით, ოთხი წლის შემდეგ შესაძლოა ახალი ტიპის უმუშევრობის მიზეზი გახდეს.
„აკადემიური განათლების კომერციალიზაციის ძალიან ბევრი მცდელობა იყო, ეს პირველი არ არის და ყოველთვის ყველანაირი მცდელობა მთავრდებოდა (ახლა მე რაც მახსოვს და პატარაც არ ვარ) მთავრდებოდა კრიტიკით თუ შენიშვნებით, რომ „აი, რას აკეთებენ უნივერსიტეტები, ორგანიზაციას ვერ აწვდიან პროფესიონალებს“ და ა.შ... ერთი პერიოდი პოპულარული იყო „აი, დაანებეთ თავი უნივერსიტეტებს, წამოდით და ისწავლეთ პროგრამირება და უფრო მეტ შემოსავალს მიიღებთ“... სწორედ ეგ არის საინტერესო სიგნალი, რომ ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული უნდა გახდეს უმაღლესი განათლება?! - თუ - კი, მაშინ ის უმაღლესი ვერ იქნება და თუ - არა, მაშინ სჭირდება თუ არა რომელიმე ქვეყანას და მათ შორის ჩვენ უმაღლესი განათლება? მიმაჩნია, რომ ძალიან გვჭირდება და პირიქით, უფრო ხარისხიანი უმაღლესი განათლება და მესამე, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ბიზნესსა და უმაღლეს განათლებას შორის და რა უნდა იყოს ამ კავშირის ან მიზეზი ან შედეგი, რომელსაც მერე შეიძლება, მართლა კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფომ“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.
უმაღლესი განათლების რეფორმაზე მსჯელობისას საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველ პარტნიორს ჟურნალისტმა კითხვები „შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზზეც“ დაუსვა, რომელსაც რამდენადაც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტრო ატარებს.
მედეა ტაბატაძის აზრით, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში აქცენტი არა კონკრეტულ პროფესიებზე, არამედ პორტირებად/ტრანსფერულ უნარებზე უნდა გაკეთდეს.
მისი თქმით, კვლევა სამი მიმართულებით შეიძლება წავიდეს:
1. რაოდენობრივი - რამდენი ადამიანი სჭირდება ბიზნესს (რაც ყველაზე ცვალებადი მაჩვენებელია);
2. ხელობები - კონკრეტული ვიწრო სპეციალობები;
3. უნარები: კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ადაპტაცია;
„წერტილთან“ ინტერვიუში მედეა ტაბატაძემ არაერთხელ აღნიშნა , რომ დღეს დამსაქმებლებისთვის პრობლემას წარმოადდგენს არა - დიპლომირებული კადრების ნაკლებობა, არამედ სათანადო უნარების არქონა. ამდენად, მისი აზრით, შრომის ბაზრის კვლევა უნდა პასუხობდეს კითხვას - რა ტიპის უნარები სჭირდება თანამედროვე თანამშრომელს?
კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის გაანალიზება და არასტანდარტული მიდგომები - ეს ის ძირითადი პორტირებადი უნარებია, რომლებიც HR სპეციალისტის თქმით, ადამიანს საშუალებას აძლევს წარმატებული იყოს ნებისმიერ სფეროში, მიუხედავად მისი ძირითადი პროფესიისა.
მედეა ტაბატაძის დაკვირვებით, საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობას აკადემიური ხარისხის მიღებამდე იწყებს - ის ამაში ხედავს სიგნალს, რომ ბიზნესი აფასებს არა - დიპლომს, არამედ უნარებს.
„რომ შევეკითხოთ ბიზნესს რატომ აჰყავს [სტუდენტი] - ამბობენ, რომ ნიჭიერები არიან, ყველაფერს მალე სწავლობენ და ა.შ. ანუ დასწავლის უნარი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.




























